ანტისემიტიზმი

აშშ-მ ერდოღანის ანტისემიტური განცხადება დაგმო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ანტისემიტურ განცხადებას ებრაელი ხალხის მიმართ მკაცრად გმობს. 

"ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანს და სხვა თურქ ლიდერებს, უკან დაიხიონ კონფლიქტის გამომწვევი განცხადებებისგან, რამაც შეიძლება მომავალში ძალადობა გამოიწვიოს. ანტისემიტური ენის ადგილი არსადაა". – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა. 

პრაისს არ დაუკონკრეტებია, ერდოღანის კონკრეტულად რომელ განცხადებას გულისხმობდა. 

ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელი ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშის მიტანის გამო და მას "ტერორის სახელმწიფო" უწოდა. 

მან ასევე გააკრიტიკა დასავლური ქვეყნები ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობაზე რეაგირების ნაკლებობისთვის, განსაკუთრებით ავსტრია და აშშ.

ერდოღანმა გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, გადაწყვეტილება ისრაელისთვის 735 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს მიყიდვის თაობაზე:

"ისტორიას სისხლიანი ხელებით წერთ ამ შემთხვევაში, რაც სერიოზული არაპროპორციული თავდასხმაა ღაზაზე... თქვენ მაიძულეთ ამის თქმა".

მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტმა ავსტრიის ნაბიჯიც დაგმო, რადგან ავსტრიამ ფედერალური კანცელარიის შენობაზე ისრაელის დროშა დაკიდა.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში.

ზოგ ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელის სამართალდამცველებსა და ეთნიკურ პალესტინელებს შორის. დიდი შეტაკებები იყო ქალაქ რამლასა და ლოდში, მრავალი ეთნიკურად პალესტინელი ცხოვრობს. დაწვეს სინაგოგები და თავს ესხმოდნენ ეთნიკურად ებრაელებს. მსგავსი შეტაკებები მიმდინარეობს იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონშიც.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

17 მაისს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები