ეკონომიკა

თურნავა: 2021 წელს 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული

"პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული". – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. 

მინისტრის თქმით, პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამპანიის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 150 ახალი ობიექტის აუქციონზე გამოტანა დაანონსდა.

"მხოლოდ ორ დღეში, 17-18 მაისს, აუქციონზე გასაყიდად 27 ლოტი გამოვიტანეთ, რომელთა საწყისი ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტი იყო. ძალიან მაღალი ინტერესის, კონკურენციისა და ვაჭრობის შედეგად, 72 მილიონ ლარზე მეტი - პრაქტიკულად, თითქმის გაორმაგებული ფასი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა". – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

ნათია თურნავას თქმით, 2021 წელს პრივატიზებით მიღებული 160 მილიონი ლარი სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის გადანაწილდება. 

"დღეის მდგომარეობით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა თითქმის 70%-იანი გადაჭარბებით შევასრულეთ. ასე რომ, პრივატიზაციის გეგმა  ძალიან სწრაფად წინმსწრებით შესრულდება.  რა თქმა უნდა, პრივატიზების გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს  და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ამასაც გავაცნობთ". – განაცხადა ნათია თურნავამ. 

17-18 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე  ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი  ფასიც 39 207 800 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72 835 800 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86%-ით გაიზარდა.

კომენტარები