ინფლაცია

ინფლაციის დონით, საქართველოზე უარესი მდგომარეობა მხოლოდ 33 ქვეყანაშია

ინფლაციის დონით, ანუ სამომხმარებლო ფასების ზრდის მიხედვით, Trading Economics-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 34-ე ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე მაღალი ინფლაციის დონე 196 ქვეყნიდან მხოლოდ 33-შია. 

2021 წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს, 7.2%-ს მიაღწია.

ინფლაციის დონის ზრდა საქონლისა და მომსახურების გაძვირებასა და ფულის მსყიდველობით უნარიანობის კლებას ნიშნავს. 

2021 წელს საქართველოში ყველაზე მეტად სასტუმროებისა და კაფეების მომსახურება გაძვირდა, კერძოდ, 15%-ით;  ჯანდაცვის სფეროს მომსახურება 13.8%-ით გაძვირდა; საწვავის ფასები – 12.4%-ით; კომუნალური გადასახადები კი 7.1%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება სურსათებს, ზეთის ფასი 40.2%-ით გაიზარდა; შაქარი და ტკბილეული 12.3%-ით გაძვირდა, ყავისა და ჩაის ფასი 10%-ით, პურის - 6.4%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის ფასები კი 6.1%-ით გაიზარდა.

მეზობელ სახელმწიფოებიდან ყველაზე მაღალი 17.1%-იანი ინფლაციის დონე თურქეთშია, სომხეთში – 6.2%, რუსეთში ინფლაცია 5.5%-ია, ხოლო აზერბაიჯანში - 4%. 

მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვენესუელაში დაფიქსირდა, სადაც ინფლაციის დონე 3 012%-ია; მეორე ადგილს 341%-ით სუდანი იკავებს, მესამეს კი – ზიმბაბვე, სადაც ინფლაცია 194%-ია. 

ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სახელმწიფოების ათეული: 

  1. ვენესუელა – 3 012%
  2. სუდანი –  341%
  3. ზიმბაბვე –  194%
  4. ლიბანი –  158%
  5. სურინამი –  50.4%
  6. ირანი –  49.5%
  7. არგენტინა –  46.3%
  8. ანგოლა –  24.8%
  9. ზამბია –  22.7%
  10. ეთიოპია –  19.2%
 

კომენტარები