LGBTQ თემი

Tbilisi Pride: ფალავანდიშვილი ლგბტქ აქტივისტებს თავს დაესხა და ინსტალაცია დააზიანა

Tbilisi Pride

Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია "Welcome to the closet" გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. მათივე ცნობით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ტაბულასთან საუბრისას იხსენებს, აქტივისტებმა ინსტალაცია დედაენის ბაღში დილიდან დადგეს და გურამ ფალავანდიშვილის მოსვლამდე არავითარი გართულება არ შექმნილა. 

"როგორც კი მოვიდა და შეხედა, დაარტყა წიხლი და წააქცია. ამის შემდეგ, აქტივისტები თვითმხილველებთან ერთად ცდილობდნენ, რომ ფალავანდიშვილი ტერიტორიიდან გაერიდებინათ, მაგრამ ფალავანდიშვილი მათ შეურაცხყოფას აგრძელებდა. ამბობდა, რომ ინსტალაციის დანგრევის მიზეზი ცისარტყელას ფერები იყო, და კიდევ ის, რომ შიგნით ადამიანები სისაძაგლეებს წერენ".

მისივე თქმით, პოლიცია ადგილზე მოგვიანებით მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ იყვნენ პერფორმანსის შესახებ გაფრთხილებულები. პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილი ადგილს გაარიდა, მოგვიანებით კი აქციის ორგანიზატორებს დაკითხვაზე წაყოლა სთხოვეს, თუმცა, ამაზე უარი მიიღეს. 

ტაბულა მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მოიკითხავენ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

კომენტარები