დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის სამხედრო სადაზვერვოს დაარტყეს [VIDEO]

ისრაელის სამხედრო ძალები ღაზას სექტორის მიმართულებით მრავალი წერტილის მიზანში ამოღებას აგრძელებენ. ისრაელის საჰაერო ძალების თქმით, მათ დაარტყეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო სადაზვერვოს.

ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ნასროლი 2000-ზე მეტი რაკეტის საპასუხოდ, 14 მაისს, საღამოს ისრაელმა დაარტყა ჰამასის რაკეტის გამშვებ პუნქტებს და მიწისზედა რაკეტის გამშვებ ადგილებს, ტერორისტების ორ ბრიგადას. 

"ჰამასი ტერორისთვის საფასურს იხდის".  - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. 

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც ჩანს საჰაერო თავდასხმა ჰამასის შიდა უშიშროების ოფისის ხელმძღვანელ თავდის აბუ ნადიმზე. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, შენობას ჰამასის სამხედრო ოპერაციებისთვის იყენებდნენ.

პარალელურად, 14-15 მაისს ღაზის სექტორიდან სამხრეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტებს ისროდნენ. მიზანში ამოიღეს აშკელონი, აშდოდი, ბეერშება, სდერტოტი და ახლომდებარე ადგილები. 

ღაზის სექტორიდან ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა აშდოდში არსებულ ბინას მოხვდა, კიდევ ერთი აშდოდის პორტში საწვავის საცავს დაეცა, რასაც აფეთქება მოჰყვა. ჯერ-ჯერობით დაზარალებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ზოგიერთი რაკეტა "რკინის გუმბათის" სისტემამ გაანეიტრალა, სხვები ღია სივრცეში დაეცა. 

10 მაისიდან მოყოლებული ღაზის სექტორიდან 2 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ამ დროისთვის, მოკლულია ათი ისრაელელი, ასობით ადამიანი დაშავდა. ღაზის სექტორში დაიღუპა 100 ადამიანი, დაშავდა 950. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში. 

13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები