ფლანგვის დეტექტორი

GMC: 10 მლნ ლარის დახარჯვის შემდეგ, მალთაყვის სანაპირო ზოლი კვლავ მივარდნილია

ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობისთვის 18.5 მლნ ლარი გამოყო და 10 მლნ უკვე დახარჯა, თუმცა სანაპირო ზოლი დღემდე გამოუყენებელია და არ არსებობს მისი განვითარების კონცეფცია. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი იუწყება.

მათივე განცხადებით, სამუშაოს პირველი ეტაპზე ტენდერი 2015 წელს გამოცხადდა და ფოთმა ხელშეკრულება 2014 წელს დაფუძნებულ შპს პირამიდა ფ.რ.-ს გაუფორმა, რომელსაც დაგვიანებით და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში 4.1 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს. 

მეორე ეტაპის ტენდერში შპს ანტ სტროი ლტდ-მ 2-ლარიანი სხვაობით გაიმარჯვა, მაგრამ ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, თუმცა კომპანიამ 2 მილიონ ლარზე მეტი მაინც მიიღო.

ამის შემდეგ ფოთმა კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც ერთი ოცნების შემწირველის კომპანია New Road-მა მოიგო, მეორე კი შპს ზმ ჯგუფმა, რომელსაც სამუშაო 4 თვით ადრე უნდა დაესრულებინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თავის ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს არ ჰყავდა შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი და შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის განსაზღვრა და ხელშეკრულებასთან შესაბამისობის დადგენა მხოლოდ სამუშაოების ზედამხედველს ევალებოდა. ის ამოწმებდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობას, მაგრამ არ ამოწმებდა ხარისხს. აუდიტის სამსახურმა გამოავლინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. გამოდის, რომ მუნიციპალიტეტმა შემსრულებელი კომპანიისგან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა და ამაში 4.1 მლნ ლარზე მეტი გადაიხადა.

კომენტარები