ფლანგვის დეტექტორი

GMC: წყალტუბოს საკრებულოს წევრის კომპანიებმა 45 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციის, ფლანგვის დეტექტორის ინფორაციითქართული ოცნების წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა 2023-2024 წლებში ჯამში 45 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგეს.

"ქართული ოცნების ეგიდით წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა 2023-2024 წლებში ჯამში 45 365 273 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებში მიიღო. აღნიშნული თანხიდან მას 59.65%, ანუ 27 059 082 ლარი გადაუხადეს. აღსანიშნავია, ჯეირან ომანაძემ 2017-2021 წლებში ქართულ ოცნებას 120 000 ლარი, მის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ კი 15 000 ლარი შესწირა. 

ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 2014-2017 და 2021 წლიდან ქართული ოცნების სახელითაა. მასთან დაკავშირებულია ორი კომპანია: შპს როსტვერკი და შპს ჯ და ჯ. 

შპს როსტვერკი 2012 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის მთავარ საქმიანობას გზებისა და ავტობანების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია წარმოადგენს. კომპანიის 100% წილის მფლობელი და ამავდროულად დირექტორი ჯეირან ომანაძეა. 2023-2024 წლების განმავლობაში შპს როსტვერკმა სახელმწიფო ტენდერებში 18 448 051 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები და ასევე 3 842 282 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულებები გააფორმა. კომპანიამ სახელმწიფოსგან უკვე 11 328 014 ლარი მიიღო. 

უფრო დიდი ოდენობის სახელმწიფო ტენდერებს იგებს ჯეირან ომანაძის მეორე კომპანია – შპს ჯ და ჯ. ჯეირან ომანაძე აღნიშნული კომპანიის დირექტორია და ამავდროულად მის 50%-ს ფლობს, დანარჩენი წილის მფლობელი კი ჯამბულ შუღლაძეა. მსგავსად როსტვერკისა, ჯ და ჯ-ს მთავარ საქმიანობასაც გზებისა და ავტობანების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია წარმოადგენს. 2023-2024 წლებში ჯ და ჯ-მ სახელმწიფო ტენდერებში 23 074 839 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა, საიდანაც 15 731 068 ლარი სახელმწიფომ უკვე დარიცხა". - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფლანგვის დეტექტორი ჯეირან ომანაძის ბიზნესსაქმიანობის შესახებ 2020 და 2022 წლებშიც წერდა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ის საკრებულოს წევრი და ამავდროულად ქართული ოცნების შემომწირველია, აღნიშნული საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას შესაბამისი სამსახურების მიერ". - წერს ფლანგვა.

კომენტარები