დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს

ჰეზბოლას რაკეტები ლიბანში

ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა.

ჰეზბოლა ირანის დაფინანსებული დაჯგუფებაა, რომელიც ლიბანში მოქმედებს და ისრაელთან კონფლიქტი წარსულშიც მრავალჯერ ჰქონია.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 3 რაკეტა, რომელიც ლიბანიდან შემოვიდა, დაუსახლებელი ტერიტორიის მიმართულებით წავიდა და ახლომდებარე ქალაქებში განგაშის სიგნალი არ ჩართულა. მაგრამ მათ არ გაუკეთებიათ კომენტარი იმის შესახებ, თუ რა დაჯგუფება იდგა ამ შემთხვევის უკან. ლიბანის ტელევიზიის ცნობებით, რაკეტები, შესაძლოა, არა ჰეზბოლას, არამედ პალესტინურ მცირე დაჯგუფებას ესროლა ლიბანის ტერიტორიიდან.

ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

"უცნობია, თუ ვინ ისროლა რაკეტები ისრაელის მიმართულებით, გამოძიება გრძელდება. ჩრდილოეთ ისრაელისკენ გასროლილი რაკეტები რაშიდიეს დევნილთა ბანაკის მიდამოებიდან მოდიოდა". – უთხრა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედია al-Jazeera-ს.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები