დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ლაშა ჟვანია: ისრაელის ქალაქ აკოში ქართველ ებრაელს თავს დაესხნენ, ის მძიმედ დაშავდა

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ქალაქ აკოში, ქართველი ებრაელი, ისრაელის მოქალაქე მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. 

"აკოში დაშავებულია ძალიან მძიმედ ქართველი ებრაელი, ჩვენი თანამემამულე. ის საავადმყოფოშია, ინტენსიურ თერაპიაზე გადაყვანილი. ვაჟკაცი ბიჭია რომ შეხედავ აღნაგობით, რამდენიმეს შეუძლია გაუმკლავდეს, მაგრამ ადამიანების ხროვა, რომელსაც არ აინტერესებს, ვინ არის, რა არის, პირდაპირ დაესხმებიან ხოლმე თავს. იაჰოში დღეს, ერთი საათის წინ სამხედროს დაესხნენ თავს, რაც უკვე იმის მანიშნებელია, რომ ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ქმედებები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს გადასულია საზღვრებს გარეთ".- ამბობს ლაშა ჟვანია და აღნიშნავს, რომ დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებზე საუბარი არ არის. 

ლაშა ჟვანია ამბობს, რომ შესაძლებელია, ისრაელის მთავრობამ ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება, შევიდეს სახმელეთო ჯარებით ღაზის ტერიტორიაზე.

"ექსპერტები გამორიცხავენ ამას, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელია, ისრაელის ჯარს ჰქონდეს დიდი დანაკარგი ჯარისკაცების სიცოცხლის თვალსაზრისით და ამიტომ ალბათ, მაქსიმალურად თავს შეიკავებენ. თუმცა, შეიძლება, ხვალიდან სპეციალური ბრძანებით დამატებით დაახლოებით 7000 ჯარისკაცის გამოწვევა განხორციელდეს იმისათვის, რომ სამზადისში იყოს ჯარი, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს".- ამბობს ჟვანია. 

დღეს, 13 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ღაზაში შესაძლო სახმელეთო შეჭრის გეგმა წარუდგინეს.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები