დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში

ბიბილოვი: სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკაა – იქ ომი და სიკვდილი

ბიბილოვი
TASS

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, არაღიარებულ ლუგანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკას სტუმრობს, სადაც მან უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა მინსკის შეთანხმების პირობებს არ ასრულებს. 

"მსოფლიო წესრიგში, სადაც რუსეთია, იქ განვითარებაა, სადაც ამერიკაა – იქ ომი და სიკვდილია. ფართო სურათში რუსეთია ის ძალა, რომელსაც სურს დახმარება და არა წართმევა, სურს, რომ სიცოცხლე გაგრძელდეს. ეჭვგარეშეა, უკრაინა მინსკის შეთანხმებას რომ ასრულებდეს, მსხვერპლი არ იქნებოდა. ეს შეთანხმება ხომ სწორედ ამას ემსახურება". - ამბობს ბიბილოვი. 

ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში დონბასში ომიდან შვიდი წლის შემდეგ ე.წ. დამოუკიდებლობის აღსანიშნად ჩავიდა. 

მინსკის პროტოკოლს ხელი 2014 წელს მოეწერა და მისი მიზანია დონბასში ომის დასრულება. შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინამ, რუსეთმა, ეუთო-მ და უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ. დონბასში კონფლიქტის დასასრულებლად შეხვედრები იმართებოდა ნორმანდიის ფორმატში, რომელშიც უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია მონაწილეობდნენ. 


უკრაინის აღმოსავლეთში ომი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს დაიწყო. ძირითადი შეტაკებები და აქტიური ბრძოლა უკრაინის არმიისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მომდევნო წელს დასრულდა და შემდგომ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, რომელთა მიუხედავად მცირე შეტაკებები სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას შორის სისტემატურად ხდება ე.წ გამყოფ ხაზთან.

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნიდა. 

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვს თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში.

დაძაბულობის ფონზე აქტიური კომუნიკაცია გაიმართა უკრაინულ მხარეს და ნატო-სა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის. 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც.

დაძაბულობა აპრილის შუა რიცხვებშიც გაგრძელდა. 14 აპრილს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა და შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ შავიზღვისპირეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყო. 21 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის, რეზერვისტები სამხედრო სამსახურში მობილიზაციის გამოცხადების გარეშე გამოიწვიონ. ამავე დღეს, ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა. მომდევნო დღეს პუტინმაც შესთავაზა ზელენსკის შეხვედრა.

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1 მაისამდე თავიანთ მუდმივ ბაზებზე დაბრუნებულიყვნენ. 23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. 26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის განხილვისთვის კრემლთან დაკავშირება დაავალა.

6 მაისს აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, რუსეთმა მხოლოდ რამდენიმე ათასი სამხედრო გაიყვანა და მნიშვნელოვანი ძალა კვლავ ადგილზე რჩება. პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, 80 000-მდე სამხედრო, რომელიც უკრაინის საზღვრებთანაა დარჩენილი,  2014 წლის შემდეგ მათი ამ ტერიტორიებზე თავმოყრის ჯერ კიდევ უდიდესი რაოდენობაა.

კომენტარები