მე-10 მოწვევის პარლამენტი

სამადაშვილმა, ახვლედიანმა და შავგულიძემ პარლამენტში ლელოსთან ერთად ფრაქცია შექმნეს

ტვ პირველი

ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის - ამ სახელწოდებით ოპოზიციის წევრებმა, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში ფრაქცია შექმნეს. გარდა პარტია ლელოს წევრებისა, ფრაქციაში შევიდნენ სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

"დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში მინდა წარმოგიდგინოთ პირველი ოპოზიციური ფრაქცია - ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის და სწორედ ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იქნეს ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში და სისტემურ გადატვირთვაში, რომელიც ასე მძაფრად დგას ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე. 

ეს ფრაქცია იქნება გარანტორი იმისა, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება უწყვეტი და მხარდაჭერილი ამ ფრაქციის მიერ იმ პერსპექტივით, რომ ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ამ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი და, რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენგანი იქნება იმის გარანტორი, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის, რომლის ცხოვრება გაუარესდა ბოლო 9 წლის განმავლობაში ქართული ოცნების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო, მათი წარმომადგენელი და ხმა ვიყოთ საქართველოს უმაღლეს ორგანოში". - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ბადრი ჯაფარიძე, თავმჯდომარის მოადგილე კი - სალომე სამადაშვილი. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.  

კომენტარები