ფსიქიკური ჯანმრთელობა

"წყვდიადში ვიყავი, ჩემსა და სამყაროს შორის კედელი იყო" – თამთა სებისკვერაძე დეპრესიაზე

ფსიქიკური ჯანმრთელობა

"წყვდიადში ვიყავი, ჩემსა და სამყაროს შორის კედელი იყო" – თამთა სებისკვერაძე დეპრესიაზე

დეპრესია სამედიცინო კონდიციაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული მენტალური პრობლემაა და 2017 წლის მონაცემებით ის მსოფლიოს 3.4%-ს აქვს - მათ შორის არის ჩვენი რესპონდენტი, თამთა სებისკვერიძე, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო, რა გზა გაიარა თავდაპირველი სიმპტომების გამოვლენიდან გაუმჯობესების პირველ ეფექტამდე.

"სიმპტომები რომ დაგროვდა და  ვერაფერი ვუშველე, დამეწყო გაგიჟების, გარდაუვალი საშინელების მოხდენის შიში. დარწმუნებული ვიყავი 100 პროცენტით, რომ ვგიჟდებოდი და მაშინ პირველად ვითხოვე ფსიქიატრის დახმარება". – გვიყვება თამთა.

ფსიქიკური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის DSM-V-ის მიხედვით, დეპრესიის დროს ადამიანებს მწუხარებისა და უიმედობის მუდმივი განცდა აქვთ, ასევე კარგავენ ინტერესს იმ საქმიანობების მიმართ, რაც ერთ დროს ხალისს იწვევდა. გარდა ფსიქიკური სიმპტომებისა, დეპრესიამ შეიძლება ასევე წარმოშვას ფიზიკური სიმპტომებიც – მაგალითად, სხეულის სხვადასხვა ნაწილის ქრონიკული ტკივილი ან პრობლემები საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

ტაბულა მკითხველს შეახსენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს ყველა ადამიანის გამოცდილება უნიკალურია და დიაგნოზის დასმა და მკურნალობის კურსის განსაზღვრა მხოლოდ პროფესიონალის მიერ უნდა მოხდეს.


რა იყო თავდაპირველი სიმპტომები, რითაც მიხვდით, რომ შესაძლოა, საქმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან გქონოდათ და არა უბრალოდ მწუხარებასთან ან აღელვებასთან?

ვიყავი სრულ წყვდიადში. ჩემსა და სამყაროს შორის იყო აღმართული დიდი ბნელი კედელი, მე სამყაროს ხმების არ მესმოდა, სამყაროს - ჩემი. მქონდა შენელებული აზროვნება (აზრების სისადავე), შენელებული მოტორიკა. დავკარგე სხეულის მასა - გავხდი.  რეალური შეგრძნება  მქონდა იმისა, რომ ვქრებოდი ფიზიკურად. ვერ ვჭამდი. გემოს და სუნის რეცეპტორები არ მუშაობდა. ლუკმა ყელში არ გადამდიოდა.  სახეზე “დავბერდი”.  რომ დაგუგლოთ, დეპრესიით მქონე ადამიანი როგორ გამოიყურება, ნახავთ ინფორმაციას, რომ ის გამოიყურება “დაბერებულად”, სახე აქვს დაჭმუჭნული, მწუხარებით სავსე, თითქოს რაღაც მძიმე აწევს მხრებზე და ვერ ერევა. ზუსტად ასე გამოვიყურებოდი მე.  ძილის ფუნქცია ასევე  - დაკარგული. მეღვიძებოდა ძალიან ადრე დილას, ერთი და იგივე დროს. უცბად ვახელდი თვალს და ვიწყებდი შფოთვას. რა თქმა უნდა, გრძნობა, რომ გამოვიძინე, არ მქონია. ამ ყველაფრის პარალელურად მქონდა გამუდმებული შფოთვა, ღელვა. ჩემი დეპრესია მიმდინარეობდა შფოთვით. შფოთვითი-დეპრესიული აშლილობის კლასიკური მაგალითი ვიყავი. მუცელში ნელ-ნელა დაისადგურა სიბნელემ და სიცარიელემ. რეალური შეგრძნება მქონდა სიცარიელის. ცარიელი მუცლის კი არა, არამედ ცარიელი “სულის”. ენით აღუწერლად ვიტანჯებოდი, ფიზიკურად არაფერი არ მტკიოდა გამოკვეთილად, მაგრამ “სული" მტკიოდა. სხვანაირად ვერ აღვწერ ამ ტკივილს. ეს იყო ნამდვილად “სულის” ტკივილი. კიდევ ბევრი სხვა სიმპტომი მქონდა, რომლიც ჩამოთვლა ბევრ დროს წაიღებს.

ეს სიმპტომები რომ დაგროვდა და  ვერაფერი ვუშველე, დამეწყო გაგიჟების, გარდაუვალი საშინელების მოხდენის შიში. დარწმუნებული ვიყავი 100 პროცენტით, რომ ვგიჟდებოდი და მაშინ პირველად ვითხოვე დახმარება ფსიქიატრის. 

მათთვის, ვისაც არასდროს განუცდიათ მსგავსი რამ, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რა არის განსხვავება დეპრესიასა და "მწუხარებას" შორის და შფოთვებსა და "აღელვებას" შორის?

მწუხარების და სევდიანი განწყობის დროს, აუცილებლად გამონახავ რამე აქტივობას, რომელიც ბედნიერებას თუ არ მოგანიჭებს, ყურადღებას მაინც გადაიტან და გადაერთვები - იქნება ეს ფილმის ყურება, არეული თაროს დალაგება,  მეგობართან მიმოწერის დაწყება, მუსიკის მოსმენა თუ სხვა რამ. სულ მცირე, ფიზიკური ინსტინქტები შეგახსენებს თავს - რამეს შეჭამ ან რამეს დალევ. დეპრესიული მდგომარეობის დროს, არ არსებობს აქტივობა, რომელიც ყურადღებას გადაგატანინებს. არ არსებობს ადგილი, არ არსებობს პოზა, რაშიც შვებას იგრძნობ. შვება არ არსებობს. არსებობს ნაღველი, სიცარიელე, დაუსრულებელი ღელვა. რაც შეეხება შფოთვასა და აღელვებას შორის განსხვავებას, შფოთვა  იწყება აღელვების, განერვიულების უმაღლესი წერტილის გადალახვის შემდეგ. ესე იგი, საზომზე  უმაღლეს წერტილს თუ აცდები, იწყება შფოთვა. შფოთვითი აშლილობა შეიძლება დეპრესიის გარეშე მიმდინარეობდეს, შეიძლება იწვევდეს დეპრესიასაც. ჩემს შემთხვევაში დაიწყო შფოთვის/პანიკური შეტევებით. პანიკურ შეტევასა და აღელვებას შორის განსხვავებაა ისაა, რომ შეტევის დროს გეწყება ისევ სიკვდილის შიში. მე მიჩქარდებოდა გული, მეწყებოდა ჰაერის უკმარისობა, მქონდა შეგრძნებები, რომ ოთახში ვერ ვეტეოდი, რომ სულს უნდოდა სხეული დაეტოვებინა, რომ ვგიჟდებოდი, თვალებიდან ნათლად ვერ ვიხედებოდი და მქონდა აუტანელი შიში სიკვდილის. შეადარეთ ეს მდგომარეობა უბრალო აღელვებას, რომლის დროსაც შეგიძლიათ მიიღოთ ვალერიანი ან მირთვათ ცხელი სითხე და დაწყნარდებით. განსხვავებას აუცილებლად იპოვით.  

როგორ იჭრებოდნენ ეს სიმპტომები თქვენს ცხოვრებაში - მოახდინეს თუ არა გავლენა თქვენს პირად და კარიერულ ცხოვრებაზე?

ჩემს ცხოვრებაში ეს სიმპტომები შემოიჭრა ნელ-ნელა, შეუმჩნევლად. თავდაპირველად, დამეწყო პანიკური შეტევები, რამაც ჩამისახლა სხეულში შიში და კარი გაუღო ღრმა დეპრესიასაც. თუმცა, დღემდე არ ვარ დარწმუნებული, რომ  ასე იყო. ვგულისხმობ იმას, რომ პანიკურ შეტევებამდეც მქონდა დეპრესიული განწყობა. ერთი სიტყვით, ჩემს შემთხვევაში ერთმანეთში იყო გადაჯაჭვული შფოთვა და დეპრესია.
 
რაც შეეხება პირად და კარიერულ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ჩემმა მდგომარეობამ იქონია გავლენა ამ ყველაფერზე. იმ პერიოდში ისედაც აღარ ვმუშაობდი და სწავლაზეც უარის თქმა მომიწია. სამი თვე სახლიდან არ გავდიოდი. სოციალიზაციის უნარი, ცხადია, არ მქონდა.  მეტიც - ვინმეს რომ სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობა შემოეთავაზებინა, აუცილებლად დავთანხმდებოდი, თუ იქ ექიმების და პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ ვიქნებოდი. დღემდე არ ვიცი, როგორ შევძელი სახლის პირობებში იმ ყველაფრის გადატანა. 

რა ეტაპები გაიარეთ პროფესიონალთან მისვლამდე და რა ტიპის მკურნალობა დაგინიშნათ მან - მხოლოდ მედიკამენტოზური, თუ იყო თერაპიასთან კომბინაციაც?

თავიდან არ ვაღიარებდი, რომ ფსიქიკური მჭირდა რამე და როგორც ყველა ნევროზული რეგისტრის აშლილობის მქონემ, დავიწყე სომატური ჯანმრთელობის გამოკვლევები. ვიყავი ნევროლოგთან.  დავიწყე ხერხემლის მკურნალობა. ძალიან მტკიოდა ზურგი და მეგონა, მისი ბრალი იყო უჰაერობა,  სუნთქვის გაძნელება. სინამდვილეში, სუნთქვა მიჭირდა იმიტომ, რომ დეპრესია მეწყებოდა. სამწუხაროდ, სასწრაფოს ექიმის გარდა, არც ერთ ექიმს არ აღმოაჩნდა საკმარისი კომპეტენცია, არც სურვილი იმისა,  ეთქვა ჩემთვის, რომ მიუხედავად ჩემი ახალგაზრდა ასაკისა და  სქესისა (ახალგაზრდა გოგო თუ ხარ, ვალდებული ხარ, კარგად იყო და ბედნიერი, ესეც სხვების გულის გასახარად), მე ვიყავი ფსიქიატრის პაციენტი.  თავიდანვე რომ მივსულიყავი ფსიქიატრთან, ღრმა დეპრესიასთან ბრძოლა არ მომიწევდა. ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, რომ ჩემთვის პანიკური შეტევების დამარცხება გაცილებით იოლი იყო, ვიდრე დეპრესიის. თერაპიაზე  ვისწავლე, რომ პანიკური შეტევა არ კლავს, რის შემდეგ მისი თავიდან მოშორება რთულად თუ იოლად, შევძელი. აი, დეპრესიასთან გამკლავება კი გაცილებით რთული აღმოჩნდა და ხანგრძლივი. ფსიქიატრმა დამინიშნა მედიკამენტები და თერაპია. აქვე მინდა აღვნიშნო, როგორ გამიმართლა, რომ პროფესიონალ ფსიქიატრთან მოვხვდი. მხოლოდ ეს ადამიანი იყო ნათელი წერტილი იმ ტანჯვაში ჩემს მეხსიერებასთან ერთად, რომელსაც ახსოვდა წარსულში როგორი ვიყავი და არ აძლევდა გონებას დანებების საშუალებას.  თორემ ჩემი მდგომარეობა 99.9% პროცენტით უიმედო მიმაჩნდა და მეგონა ჩემი დასასრული ან ფსიქიატრიული, ან სიკვდილი იქნებოდა. ვიცი, ბევრისთვის რთული წასაკითხია, მაგრამ ასე იყო. 

რამდენ ხანში იგრძენით გაუმჯობესების პირველი ეფექტი და აღგვიწერეთ, რას ჰგავდა ეს პროცესი.

გაუმჯობესება ვიგრძენი წამლების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, როცა ჭამა შევძელი, უფრო სწორად ვიგრძენი საკვების გემო.  მაგრამ ეს იყო ძალიან პატარა ნაბიჯი მთელ პროცესში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პანიკური შეტევები მალევე მოვიტოვე უკან, მაგრამ დეპრესიიდან გამოსვლას თითქმის ერთი წელი მოვანდომე. გამოვიარე სხვადასხვა ფაზები. ჯერ მოტორიკა გამიაქტიურდა, ესე იგი დამიბრუნდა ძალა, მაგალითად, მაღაზიაში შევძელი გასვლა. შემდეგ აზრებთან ორთაბრძოლა მქონდა თვეების განმავლობაში. შფოთვა მხოლოდ ფიზიკური სიმპტომი არ არის, აზრების დაავადებაც არის. ვებრძოდი ნაირ-ნაირ აკვიატებებს, სუიციდის, სამყაროს წარმოშობის და ა.შ. მჭირდა დერეალიზაცია. ყველაზე საშინელი და მტანჯველი სიმპტომი, რომელიც მინდა არასოდეს გამოვცადო მეორედ. დერეალიზაცია იყო ბოლო ფაზა. ამ ფაზიდან გამოსვლის შემდეგ ნელ-ნელა დავუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას.

თქვენ გარშემომყოფებთან ამ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრისას, გადააწყდით თუ არა სტიგმებს როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ, ასევე მედიკამენტების მიღების მიმართაც?

დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი ოჯახის  ერთ-ერთი წევრი საერთოდ არ აღიარებდა წამლებს. ასევე, ვაწყდებოდი ისეთ მოსაზრებებს, თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავში იყო, რომ მე თუ არ მოვერეოდი ჩემს თავს, წამლები არაფერს არ მიშველიდა და ა.შ.

როდესაც ამბავს რეტროსპექტულად უყურებ, რა იყო გარშემომყოფებისგან შენთვის ყველაზე ხელისშემწყობი ქცევები და რა იყო ყველაზე ხელისშემშლელი? ამაზე დაყრდნობით, რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც გარშემო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანი ან ადამიანები ჰყავთ?

გამიმართლა, რომ ჩემი ოჯახი ჩემს გვერდით დადგა. ყველამ დაინახა ჩემი მდგომარეობის სირთულე და ოჯახი მთლიანად ჩემს გამოჯანმრთელებაზე იყო მომართული. ასევე, მყავდა რამდენიმე მეგობარი, მხოლოდ რამდენიმე, რომლებიც მისმენდნენ და ჩემს გვერდით იყვნენ. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აუცილებელი არ არის ადამიანი სიკვდილის პირას მივიდეს, რომ შეგეშინდეს და მის გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა დაიწყო.
 
 სამწუხაროდ, სასწავლო დაწესებულებაში სადაც ვსწავლობდი, დიდად არავის აინტერესებდა, რატომ გავაცდინე სამი თვე. არც გამიცხადებია და ალბათ, დღესაც არავინ იცის. სამაგიეროდ, დაინახეს და აღნიშნეს, როგორ გავხდი. რატომ გავხდი, არავის უკითხავს.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის პროფესიონალური დახმარების მიღება და როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება მის გარეშე? შეძლებდი ამ ყველაფრის უკან მოტოვებას?

საერთოდ ვერ წარმომიდგენია ანტიდეპრესანტის გარეშე როგორ უნდა მოვრეოდი იმ ყველაფერს. ღრმა დეპრესიიდან გამოსვლის სხვა გზა არ არსებობს. ნევროლოგის დანიშნულ წამლებს ვსვამდი, მაგრამ არაფერი მიშველა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თავიდანვე რომ ფსიქიატრთან მივსულიყავი, ღრმა დეპრესიამდე არ მივიდოდი. არავინ ამბობს, რომ წამალს დალევ, დაჯდები, კედლებს უყურებ და კარგად გახდები. რა თქმა უნდა, არ არის ესე. ისიც მართალია, რომ ადამიანი თავად უნდა მოერიოს. როგორც მოსისხლე მტერს, ისე უნდა ებრძოლო,  მაგრამ ვინმე ან რამე თუ არ დაგეხმარა, მარტო ამ ბრძოლას ვერ მოიგებ. ისევე როგორც ვერ დაამარცხებ კიბოს მკურნალობის გარეშე ან კუჭის წყლულს და ა.შ. 

კომენტარები