ფსიქიკური ჯანმრთელობა

"ფსიქიატრმა მეორე ცხოვრება მაჩუქა" – გვანცა გახოკიძე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე

ფსიქიკური ჯანმრთელობა

"ფსიქიატრმა მეორე ცხოვრება მაჩუქა" – გვანცა გახოკიძე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე

"ხანდახან ვფიქრობდი, მე რეალური ადამიანი ვიყავი თუ არა? შეგრძნებები გამიუფერულდა, გაგრძელების აზრს ვერ ვხვდებოდი და ცხოვრების ხალისიც დავკარგე", - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი, გვანცა გახოკიძე, როდესაც მას მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების აღწერა ვთხოვეთ.

გვანცას ფსიქიატრისგან შფოთვითი და პოსტტრავმული აშლილობების და დეპერსონალიზაციისა და დეპრესიის მონაკვეთების დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი, რომელიც მკურნალობის კურსის გავლის შედეგად დაამარცხა და დღეს თვლის, რომ პროფესიონალური დახმარების მიღების გარეშე ვერაფერს გახდებოდა.

ფსიქიკური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემის DSM-V-ის მიხედვით, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას ახასიათებს მუდმივი, დამახინჯებული წარმოდგენები მოვლენის გამომწვევ ან შემხებლობაში მყოფ მიზეზებთან დაკავშირებით, რასაც ადამიანი საკუთარი თავისა ან სხვის დადანაშაულებამდე მიჰყავს. ის იწვევს მუდმივ უარყოფით ემოციებს, როგორებიც არის - შიში, ბრაზი, დანაშაულის გრძნობა, სირცხვილის გრძნობა და ძალიან ძლიერი შიში. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს, ადამიანში ასევე მნიშვნელოვნად მცირდება ინტერესი ისეთი საქმიანობების მიმართ, რაც მანამდე მისთვის სრულად მისაღები იყო.

ტაბულა მკითხველს შეახსენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს ყველა ადამიანის გამოცდილება უნიკალურია და დიაგნოზის დასმა და მკურნალობის კურსის განსაზღვრა მხოლოდ პროფესიონალის მიერ უნდა მოხდეს.

რა არის შენი გზა დიაგნოზებამდე და რა სიმპტომს ან სიმპტომებს გამოყოფდი ყველაზე მძიმედ?

სანამ საქმეში პროფესიონალი ჩაერთვებოდა, ძალიან მძიმე გზა გავიარე. 6 თვე ვებრძოდი გაურკვეველ შეგრძნებებს. არ ვიცოდი რა მჭირდა და ძალიან მეშინოდა. დარწმუნებული ვიყავი რომ ვკვდებოდი და ეს შეგრძნება იმდენად რეალური იყო, მეგონა, დღეში რამდენჯერმე ვუყურებდი სიკვდილს თვალებში. სიტყვებით აღსაწერად ძალიან რთულია ეს სიმპტომები - თავდაპირველად მეწყებოდა უაზრო შიში და აკვიატება, პულსაცია ჩქარდებოდა, ყელში რაღაც ბურთი მეჩხირებოდა, შუბლის ძარღვი გარეთ გამოდიოდა და გამალებით ფეთქავდა. ამ დროს იწყებოდა უაზრო ფიქრები - "გულის შეტევა მაქვს? იქნებ თრომბი მარტყამს. არა, ეს უეჭველად ანევრიზმაა და ნამდვილად ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღეა".

სხეულის ტემპერატურა მუდამ 37 და 37.2 მქონდა, არ ვიცოდი, თურმე სტრესის დროს შესაძლოა, რომ ტემპერატურამ მოიმატოს, მე კი დავიწყე ინფექციური დაავადებების გამოკვლევები. თავს არ ვუტყდებოდი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ისევ ფიზიკურს ვეძებდი. ერთი პროცენტითაც კი არ მეპარებოდა ეჭვი, რომ სასიკვდილო დიაგნოზი მქონდა და ექიმები უბრალოდ ცდებოდნენ. გადაჭარბების გარეშე, ყველაფერი გამოვიკვლიე. გამოვრიცხე ფილტვის, მკერდის, ყელის სიმსივნეები, მელანომა და ა.შ. ხანდახან ისეთ დაავადებებს ვიგონებდი, რეალობისგან შორს რომ იყო, თუმცა ასე უაზროდ ვგუგლავდი ყველაფერს და მერე “მემართებოდა” ხან რა და ხან რა. ასე, ბოლომდე მჯეროდა ჩემი ფიზიკური ჩივილების, სანამ ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად სიჩუმეში ჩემი საკუთარი კივილი არ ჩამესმა ყურებში. ამ ფაქტმა სრულიად თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება, ახლა უკვე იმაში ვიყავი დარწმუნებული რომ ვგიჟდებოდი, რაც სიკვდილზე ბევრად საშიში ჩანდა. ამის შემდეგ უკვე მივაკითხე ფსიქიატრს, რომელმაც შემდეგი დიაგნოზები დამისვა: პანიკური შეტევები, შფოთვითი და პოსტტრავმული აშლილობები, დეპერსონალიზაციური და დეპრესიის მონაკვეთები, რაც, საბედნიეროდ, წარსულში დავტოვე.

მოგვიყევი, რას ჰგავდა პირველი პანიკური შეტევა, როდესაც მიხვდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ აღელვება და საქმე უფრო კომპლექსურ რამესთან გქონდა?

ერთი ძალიან ლამაზი დღე იყო, ეს ის პერიოდია, როცა მეგონა, რომ ყველა ცხოვრებისეული პრობლემა წარსულში მოვიტოვე და ჩემს ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული. ძალიან ბედნიერი ვიყავი. დღე-დღეზე ცხოვრების მთავარი ოცნება უნდა ამესრულებინა, მაგრამ უცებ, სრულიად მოულოდნელად, ყელში ბურთი გამეჩხირა და უჰაერობა მახრჩობდა. ალბათ, ასეთივე სიმპტომები აქვს გულის შეტევას და მეც სწორედ ეს მეგონა. მაშინ ვერ გავაცნობიერე, რომ ეს პანიკური შეტევა იყო. გულისრევის შეგრძნება დამეწყო, მაგრამ მეშინოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გული პირიდან ამომივიდოდა. ეს რამდენიმე გარდამავალი წუთი მთელ საუკუნედ გაიწელა. ზოგადად, პანიკური შეტევა დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ ეს ემოციურად და ფიზიკურად იმდენად გღლის ადამიანს, რომ გგონია, საათობით იწელება. ძალიან რთული იყო თითოეული შეტევა.

რამდენად იჭრებოდა შენს ყოველდღიურობაში დასმული დიაგნოზები და როგორ გავლენას ახდენდა ისინი პირად და კარიერულ ცხოვრებაზე?

ვთვლი, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები “გამოვტოვე”. წელიწადზე მეტ ხანს სახლში ვიყავი გამოკეტილი. გარეთ მარტო გასვლისაც მეშინოდა და სახლში დარჩენისაც. სულ მინდოდა, რომ ვიღაც მყოლოდა გვერდით. ახლა საკუთარ თავზე ვბრაზდები, მაგრამ მაშინ ძალიან მომწონდა, როცა ვიღაცას ვეცოდებოდი და სიბრალულის განცდას ვაღვივებდი ვინმეში. ამ გადასახედიდან ჩემთვის ეს ნამდვილად დამამცირებელია და ვნანობ, თუმცა, როცა ცუდად ხარ, ძნელია საკუთარი თავი აკონტროლო. ზოგადად, ყოველთვის ძალიან აქტიური, მხიარული და მეგობრული ვიყავი, მაგრამ ამ პრობლემებმა სრულიად თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. კარიერაზე საერთოდ ვეღარ ვფიქრობდი, მთავარი იყო გადავრჩენილიყავი. მაშინ, როცა საკუთარი თავი უნდა განმევითარებინა, ვიჯექი და ვტიროდი, საკუთარ თავს ვგლოვობდი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას - იმ პერიოდში ძალიან განვიცადე, რადგან დავკარგე ადამიანები.  სწორედ ამ ცუდად ყოფნის ჟამს გადავაფასე ბევრი რამ - იყვნენ მეგობრები, რომლებიც საწოლის თავთან მესხდნენ და მეხმარებოდნენ, და იყვნენ კიდევ უფრო ახლობელი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ჩემგან გაიქცნენ. 

როგორი იყო პროფესიონალის მიერ დანიშნული მკურნალობის ტიპი და რამდენ ხანს გაგრძელდა ის?

მან დამინიშნა როგორც მედიკამენტური, ასევე თერაპიული მკურნალობის კურსი. ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ 5 ფსიქოთერაპია გავიარე, რადგან კარანტინის პერიოდი დაემთხვა და ონლაინ-რეჟიმში ფსიქოლოგთან საუბარი არ მხიბლავდა. მედიკამენტებს დაახლოებით 6 თვეს ვიღებდი. ნელ-ნელა ესეც ჩავხსენი. თავიდან შიშები მქონდა, რომ უწამლოდ ისევ ცუდად გავხდებოდი და ხშირად მქონდა კიდეც შეტევები. მოგვიანებით, პანიკური შეტევები სადღაც გაქრა და მხოლოდ შფოთვა დამიტოვა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ასე ვერ ვიქნებოდი და საკუთარი თერაპიული კურსი გამოვიგონე. შეიძლება ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ხშირად ვათვალიერებდი ჩემი პატარაობის ფოტო- და ვიდეომასალებს. ვიხსენებდი, რაზე ოცნებობდა ეს პატარა გოგო, რა სურდა, როგორი უნდოდა ყოფილიყო, რომ გაიზრდებოდა. ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცოდი, იყო ის, რომ ამ ბავშვს ნამდვილად არ უნდოდა, რომ ასე ცუდად ყოფილიყო. ეს პატარა გოგო ისე შევიყვარე, როგორც საკუთარი შვილი მეყვარებოდა. დავპირდი, რომ ყველა ოცნებას ავუსრულებდი, რომ ზუსტად ისეთი ბედნიერი და ლაღი ცხოვრება ექნებოდა, როგორსაც იმსახურებდა. დავიწყე ბრძოლა და ზრუნვა ამ ბავშვის დღეების გასაფერადებლად. დროთა განმავლობაში, ნამდვილად ყველაფერი შეიცვალა, საკუთარი თავი დამიბრუნდა, საკუთარი თავიც ხელახლა შევიყვარე და ცხოვრებისეული მიზნებიც დავისახე. 


იმ ადამიანებს, რომლებსაც არასდროს განუცდიათ მსგავსი რამ, თუ შეიძლება მოუყევით, რით განსხვავდება ერთმანეთისგან შფოთვითი და პოსტტრავმული აშლილობა, თუ არის მათ შორის რაიმე მკაფიო სხვაობა და, ასევე, რას ჰგავს დეპერსონალიზაცია?

ფაქტობრივად, პოსტტრავმული აშლილობა იწვევს შფოთვებს. წლების განმავლობაში ნაგროვები სტრესი, ან მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერში ღრმად დაილექა, ზუსტად მაშინ ამოტივტივდება ხოლმე, როცა გვგონია, რომ წარსულს ჩაბარდა. ამას თან სდევს შფოთვები, შიშები და უაზრო აკვიატებები. რაც შეეხება დეპერსონალიზაციას, ეს არის პიროვნების გაორება. ჩემს შემთხვევაში შემდეგი გამოვლინებები მქონდა - თითქოს სხეულში მეორე ადამიანიც ცხოვრობდა და ვერ ვხვდებოდი მე რომელი ვიყავი. ეს მომენტალური გამოვლინებები იყო. ხანდახან ვფიქრობდი, მე რეალური ადამიანი ვიყავი თუ არა? შეგრძნებები გამიუფერულდა, გაგრძელების აზრს ვერ ვხვდებოდი და ცხოვრების ხალისიც დავკარგე. ძალიან რთულია ამ მდგომარეობების სიტყვებით გადმოცემა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად კრიტიკული როლი შეასრულა პროფესიონალურმა დახმარებამ თქვენს გამომჯობინებაში და შეძლებდით თუ არა მის გარეშე იმავეს?

რა თქმა უნდა, პროფესიონალის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტიგმები, რაც ფსიქიატრიას უკავშირდება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი რიყავს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ფსიქიატრის პაციენტები არიან. რეალობა კი სულ სხვაგვარია. როცა პიროვნებას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სწორედ ამ მომენტში სჭირდება მას გვერდით დგომა და გაწვდილი დახმარების ხელი. ფსიქიკური დაავადებები, თავისი არსითა და მასშტაბებით უტოლდება გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ამიტომ ამის გამო ადამიანებისთვის ხელის კვრა არასწორად მიმაჩნია. ასევე, არსებობს მითები მედიკამენტური მკურნალობის შესახებ, რომ ანტიდეპრესანტები მიჩვევას და სხვა რიგ პრობლემებს იწვევს, მაგრამ სწორად შერჩეული წამლები და დოზები, ნამდვილად უებარია და აჩქარებს მდგომარეობიდან გამოსვლის პროცესს. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგ ფსიქიატრთან მოვხვდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, მეორე სიცოცხლე მაჩუქა. 
 

კომენტარები