დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბლინკენი: ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ისრაელის პრემიერმინსტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, სატელეფონო საუბარი გამართეს. 

"ველაპარაკე ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელში მიმდინარე სიტუაციაზე, მათ შორის ღაზის სექტორიდან გასროლილ რაკეტებზე, რითაც ისრაელის მოსახლეობას მიზანში იღებენ. ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება. დეესკალაცია ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია". – წერს ენტონი ბლინკენი თავის Twitter-ზე.

განცხადება ისრაელის პრემიერმინსტრის გვერდმაც გავრცელა:

"პრემიერმინისტრმა ბენიამინმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, სატელეფონო საუბარი გამართა. პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა მას ამერიკის მხარდაჭერისთვის, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, რაც ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა სატელეფონო ზარის დროს".

ცოტა ხნის წინ ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლა.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზაში ალ-შურუქის შენობა გაანადგურა მას შემდეგ, რაც იქ მყოფი პირები გააფრთხილა.  

ისრაელის პრემიერმინისტრი აფეთქების ვიდეოს შემდეგი წარწერით ავრცელებს: "ვინც ჩვენ გვესვრის თავიდან სისხლი წამოუვა".

მანამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელმა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის 16 წევრი მოკლა, მათ შორის, ოთხი მაღალი რანგის წევრი.

ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰამასის ლიდერების და წევრების სახლებზე, ასევე რაკეტის გამშვებ პუნქტებზე.

თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ ისრაელის ავიაციამ ღაზაში გაანადგურა ჰამასის მიერ მართული პოლიციის შტაბი.

ჰამასის მოკლულ წევრებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მალევე რაკეტა გაისროლეს აშდოდის მიმართულებით.

ჰამასის განცხადებით, შუა ღამით მათ თელ-ავისის და ბეერშებას მიმართულებით 210 რაკეტა გაისროლეს. 

დაძაბულობაა ისრაელში არაბებით და ებრაელებით დასახლებულ ქალაქებში, სადაც აქციები გაიმართა. ქალაქ ლოდში სინაგოგა დაწვეს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელის სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება მანამდე, სანამ სრულ და გრძელვადიან მშვიდობას არ მიაღწევენ. 

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები