აშშ-რუსეთი

რუსეთი აშშ-ს საელჩოს პრესმდივანს ქვეყნიდან აძევებს

რებეკა როსი
Twitter / USEmbRuPress

მოსკოვში აშშ-ს საელჩოს პრესმდივანს, რებეკა როსს ქვეყნიდან აძევებენ. რებეკა როსი იმ 10 დიპლომატის სიაში აღმოჩნდა, რომელთა რუსეთიდან გაძევების შესახებ ცნობილი 21 აპრილს გახდა. საელჩოს ამ თანამშრომლებმა რუსეთი ერთი თვის მანძილზე უნდა დატოვონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, როსის ქვეყნიდან გაძევება პასუხია აშშ-ს ქმედებებზე და რომ აშშ ნახევარ წელზე მეტია, არ აძლევს რუსეთს საშუალებას, დანიშნოს პრესმდივანი ვაშინგტონში, თავის საელჩოში.

"არ უშვებენ ვაშინგტონში ადამიანს, რომელიც ჩვენი დიპლომატიური მისიის პრესმდივნის პოსტზე დავნიშნეთ, ამასთან ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე. საუბარია დიპლომატზე, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, ის იკავებდა ანალოგიურ თანამდებობას რუსეთის ფედერაციის სხვა ორ საელჩოში. აშშ-მ კი უბრალოდ დააბრუნა ამ ადამიანის მიერ ვიზის განაცხადზე შეტანილი დოკუმენტები და უარის მიზეზზე კომენტარიც კი არ გაუკეთებია. ასე რომ, ეს არ არის რუსული ინიციატივა". – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რებეკა როსმა რუსულ სამთავრობო მედიას, TASS-ს დაუდასტურა, რომ მას ქვეყნიდან აძევებენ.

რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევება პასუხია აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებაზე. 15 აპრილს აშშ-მ რუსეთს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა. დიპლომატების გაძევების გარდა რუსეთმა აშშ "არამეგბორული ქვეყნების სიაში" შეიყვანა. ამ სიაში შესული ქვეყნების ვეღარ შეძლებენ, თავიანთ დიპლომატიური მისიებში რუსეთის მოქალაქეები დაასაქმონ.

კომენტარები