ტექნოლოგიური გიგანტები

APPLE-მა 128 მილიონ მომხმარებელს ჰაკერული შეტევის შესახებ ინფორმაცია დაუმალა

კომპანია Apple-ისა და Epic Games-ის სასამართლო დავა Fortnite-ის შესახებ გრძელდება. ამჯერად Epic-მა წარმოადგინა სკანდალური ინფორმაცია iOS-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰაკერული შეტევის შესახებ. 

გამოცემა WIRED-ის ცნობით, 2015 წლის სექტემბერში Apple-ის წარმომადგენლები რთული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ დაზარალებული 128 მილიონი მომხმარებლებისთვის უნდა გაეზიარებინათ ინფორმაცია ჰაკერული თავდასხმისა და პოტენციური საფრთხის შესახებ ან არაფერი ეთქვათ და ინფორმაცია დაემალათ. 

როგორც შიდა მიმოწერებიდან ირკვევა, ადმინისტრაციამ მეორე გზა აირჩია. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა ჰაკერული შეტევა 2015 წელს აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, შეტევა ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

Apple App Store-ზე განთავსებული აპლიკაციებიდან თითქმის 2 500 შეიცავდა ე.წ. მავნე კოდს, რომელიც ჰაკერებს წვდომას აძლევდა მომხმარებლებისა და მოწყობილობების ინფორმაციასთან. 

Epic-მა კი სასამართლოს წარუდგინა Apple-ის წარმომადგენლების შიდა მიმოწერები, საიდანაც ირკვევა, რომ ისინი განიხილავდნენ მომხმარებლების გაფრთხილების საკითხს, თუმცა გამაფრთხილებელი შეტყობინება არ გაგზავნილა და Apple-ს 128 მილიონი მომხმარებლისთვის არ უცნობებია, რომ ისინი ჰაკერული შეტევის სამიზნეები გახდნენ. 

ექსპერტების ვარაუდით, Apple-ის წინააღმდეგ წარდგენილი სამხილები საგრძნობლად დააზიანებს კომპანიის რეპუტაციას, რადგან iOS სისტემის მარკეტინგული იმიჯი უსაფრთხოების, დაცულობისა და სანდოობის გარშემოა აგებული. მსგავსი მასშტაბის ჰაკერულ თავდასხმას და მის შესახებ ინფორმაციის დამალვას კი, სავარაუდოდ, კომპანიისთვის ნეგატიური შედეგები მოჰყვება. 

შეგახსენებთ, რომ სასამართლო დავა App Store-დან ვიდეო თამაშ Fortnite-ის წაშლას ეხება. მას შემდეგ, რაც Epic-მა თამაშის შიდა შესყიდვების სისტემა დაამატა, რათა App Store-ს 30%-იანი გადასახადისთვის თავი აერიდებინა, Apple-მა Fortnite-ი საკუთარი პლატფორმიდან წაშალა. 

კომენტარები