ვაქცინაცია საქართველოში

სინოფარმის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია ხვალ, 12 მაისის 20:00 საათიდან დაიწყება

კორონავირუსის საწინააღმდეგო სინოფარმის ვაქცინის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია ხვალ, 12 მაისის 20:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა. მისი განმარტებით, მათ, ვინც უკვე აიცრა პირველი დოზით, მეორე დოზით ვაქცინაცია 25 მაისიდან უწევთ. 

"სინოფარმის მეორე დოზებით ვაქცინაცია უწევს უკვე მოსახლეობას 25 მაისიდან, ხვალ, დღის ბოლოდან, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობას სინოფარმის მეორე დოზებზე". – თქვა გაბუნიამ. 

გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 689 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან, დღემდე ქვეყნის მასშტაბით 67 136 პირი აიცრა, მათგან სრულად, ვაქცინის ორივე დოზა, 11 504-მა მოქალაქემ მიიღო.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის, პეკინის სინოფარმის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა. WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები