დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის საპასუხო ცეცხლს ღაზის სექტორში 23 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 9 ბავშვი

ისრაელის საპასუხო თავდასხმა ღაზაში, 2021 წელი, 11 მაისი
Reuters

ჰამასის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის საპასუხო თავდასხმას 23 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 9 ბავშვია. დაშავდა 107 ადამიანი.

თურქეთის მედიის თქმით, ღაზის სექტორში დაიღუპა 24 ადამიანი, 9 ბავშვი და 15 მშვიდობიანი მოქალაქე.

ისრაელის თქმით, დახოცილებიდან 15 მაინც ტერორისტული დაჯგუფების წევრი იყო. 

ღაზის სექტორიდან ნასროლ ჰამასის რაკეტებს ისრაელში მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათმა გააუვნებელყო, მაგრამ არიან დაშავებულები.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალმისი გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

სარაკეტო თავდასხმების გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს.

"დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან, მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას". – წერს საელჩო.

კომენტარები