დავითგარეჯის საქმე

ზაუტაშვილი საზმაუს ფილმზე: კობახიძეს ვუდასტურებ პატივისცემას, ყურადსაღებია არგუმენტები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი დავითგარეჯისა და ივერი მელაშვილის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ფილმს ეხმაურება. ზაუტაშვილი პატივისცემას გამოხატავს ისტორიკოს ბექა კობახიძის მიმართ, რომელმაც Facebook-ზე ვრცელი პოსტით გააკრიტიკა ფილმი. ზაუტაშვილის თქმით, ყურადსაღებია კობახიძის, როგორც მკვლევრის არგუმენტები. 

"არ შემიძლია, უყურადღებოდ დავტოვო ის უმნიშვნელოვანესი რეაქცია, რომელიც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა. სრულიად ვიაზრებ, რა მნიშვნელობისაა დავითგარეჯა როგორც კულტურული, ისე ისტორიული მემკვიდრეობის კონტექსტში. იმასაც ვიაზრებ, რომ საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის საფუძვლიანი გააზრება დოკუმენტურად, არგუმენტების მოპოვება და ანალიზი პერმანენტულად კვალიფიციური განსჯის საკითხად ვერ იქცა. გვესმის, რომ დავითგარეჯის, საქართველო საზღვრის თემა უფაქიზესია იმ თემებს შორის, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. ეს თემა, რა თქმა უნდა, იმსახურებს ფართო საჯარო დისკუსიას სიმართლის დასადგენად და ყველა არგუმენტის მოსასმენად.

ისტორიკოს ბექა კობახიძეს ვუდასტურებ ჩემს პატივისცემას, ყურადსაღებია მისი, როგორც მკვლევრის არგუმენტები და ვთვლით, რომ რეალური სივრცის ეთერი უნდა დაეთმოს პირველ რიგში ჩვენი თვითგამორკვევისთვის არგუმენტირებულ დისკუსიას, რისთვისაც გამოვთქვამთ მზადყოფნას". – თქვა ზაუტაშვილმა.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე 30 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ ფილმს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა. კობახიძე წერს, რომ მასში უამრავი "მსხვილკალიბრიანი ტყუილია" ნათქვამი და ჭეშმარიტების დამდგენი ფაქტებიც მიზანმიმართულადაა დამალული. 

"არაფერი ვიცი ფილმის ავტორების შესახებ, ვინ არიან ქალბატონები ლია ტოკლიკაშვილი და მაია გოგოლაძე. ძალიან მინდა მათი ვინაობა უფრო ფართოდ გახდეს ცნობილი, ვიცნობდეთ ადამიანებს, ვისაც ასეთი უმსგავსობების კეთება შეუძლია. გარდა ამისა, ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ამ ფილმის ტირაჟირებას საზოგადოების ფულით დაფინანსებული ტელევიზია აკეთებს. ობიექტურად მქონდა განცდა, რომ დამთავრდებოდა ფილმი და დაიწყებოდა ვრემია". – წერდა კობახიძე. 

ფილმი ასევე გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ირაკლი აბსანძემ თავის საავტორო გადაცემაში. აბსანძემ თქვა, რომ ამ ფილმმა "ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას".


29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი "გარეჯის მთის სიმართლე". ფილმმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ამ დოკუმენტური ფილმის გამო მოძრაობა დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობას გაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში 4 მაისს თავს  დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები