დავითგარეჯის საქმე

აბსანძე საზმაუს ფილმზე: ხელი შეუწყო მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას

ირაკლი აბსანძე
საზოგადოებრივი მაწუყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ თავის საავტორო გადაცემაში გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაღებული ფილმი დავითგარეჯასა და ივერი მელაშვილზე და თქვა, რომ ამ ფილმმა "ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას".

"ერთი განცხადება მინდა გავაკეთო... მაყურებელთან დავალებული ვარ. ეს ჩემი ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, სხვა დღეს, გავიდა მედიაპროდუქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას. რაც ამ გადაცემაში ვიხილეთ, სულ მცირე, სცდება დემოკრატიული ქვეყნის, სეკულარული სახელმწიფოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის სტანდარტს. ამიტომ ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც". - თქვა ირაკლი აბსანძემ.

29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი "გარეჯის მთის სიმართლე". ფილმმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. ფილმი გააკრიტიკა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ბევრი ფაქტი დამახინჯებულია და ბევრი "მსხვილმასშტაბიანი ტყუილია". ამ დოკუმენტური ფილმის გამო მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობას წყვეტს.

"კარტოგრაფებზე გაკეთებული პროპაგანდისტული, ადამიანების მოსპობაზე გამიზნული ფილმის მერე ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არ მაქვს ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა, რომ ამით რამე დააკლდებათ, მაგრამ მე ღამე უფრო მშვიდად დამეძინება" - წერს ხოშტარია Facebook-ზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ყოფილ უფროსს, ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში 4 მაისს თავს  დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები