აშშ-ჯანმო

გაერო: აშშ ჯანმო-ს ერთ წელში დატოვებს

დონალდ ტრამპი / ტედროს ადანომ გებრაიესუსი

72 -წლიანი წევრობის შემდეგ აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს ოფიციალურად დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება მიიღო.

აშშ ჯანმო-ს ადანაშაულებს, რომ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ტრამპის თქმით, ორგანიზაციის მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა. ჯანმო აშშ-ს ბრალდებებს უარყოფს.

ტრამპმა ჯანმო-ს დაფინანსება აპრილში შეუწყვიტა, მაისში ორგანიზაციას რეფორმების გზაზე დადგომისთვის 30-დღიანი ვადა მისცა. ივნისში აშშ-მ ჯანმო-დან გამოსვლა დააანონსა. 

ერთი წლის განმავლობაში აშშ-მ ორგანიზაციაში ყველა გადასახადი უნდა გადაიხადოს. ჯანმო-ს ვებგვერდის ინფორმაციით, აშშ-ს 200 მლნ-ზე მეტი აშშ დოლარის გადახდა უწევს.

Reuters-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნოემბერში  ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, შესაძლოა ტრამპის გადაწყვეტილების შემობრუნება. 

ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი მიიჩნევს, რომ ახლა ჯანმო-დან გამოსვლისთვის სწორი დროა:

"ჯანმო-მ მსოფლიოს უღალატა... ამას შედეგები უნდა მოჰყვეს".

როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად? – ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მსოფლიოში კორონავირუსი თითქმის 12 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, 540 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. დადასტურებულ შემთხვევათა და გარდაცვლილთა დაახლოებით 25% აშშ-ზე მოდის. 

კომენტარები