ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: დადასტურებულად, ივნისში სინოფარმის 500 000 დოზა შემოვა

NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დადასტურებულად ამბობს, რომ ივნისში საქართველოში პეკინის სინოფარმის ვაქცინის 500 000 დოზა შემოვა. 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სინოფარმის მარაგში არსებული 100 000 დოზიდან ბოლო 2 დღის განმავლობაში უკვე 6 000 დოზა გამოიყენეს, მაისის ბოლომდე კი 25 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დაჯავშნილი ვაქცინის პირველი დოზა. 

"ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობას აქვს მოლაპარაკებები და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა – 250 - 250 000. ის, რომ ჯანმომ აღიარა ვაქცინა, ნიშნავს იმას, რომ Covax-პლატფორმაზეც განთავსდება. ანუ Covax-ითაც მიეწოდება ქვეყნებს ბევრად იაფად, ვიდრე პირდაპირი შესყიდვით.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ველოდებით ჩვენ სხვა ვაქცინებსაც. უკვე დღეს ინფორმაციაა, რომ Covax-ზე განთავსდება Novavax და Johnson & Johnson, პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს Pfizer-თან, დაახლოებით, მილიონ დოზაზე. ასე რომ, თუ ჩვენ ყველა სერიოზულად ვიმუშავებთ ერთად, ეს ჩვენი მთავარი მიზანი, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%, 1 700 000 ადამიანი აიცრას ორჯერ და თუ J&J გვექნება, მაშინ ერთჯერადი იქნება აცრა. ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მისაღწევია, მაგრამ სამუშაო ძალიან დიდია". – ამბობს ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბარში. 

7 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის, პეკინის სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა

გადაწყვეტილება იმუნიზაციის შესახებ ექსპერტების სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფმა SAGE-მა მიიღო, რომელმაც ხელმისაწვდომი მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე გასცა რეკომენდაცია, რომ სინოფარმის ვაქცინა შეიძლება, გამოიყენონ სრულწლოვანთათვის 18 წელს ზემოთ, ორდოზიანი გრაფიკით. 


ჩინური წარმოების ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები.

ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს სინოფარმის ვაქცინა ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.  

3 მაისს WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები