ალექსეი ნავალნი

YOUTUBE-მა ალექსეი ნავალნის პროექტის, "ჭკვიანი კენჭისყრის" საიტის ბმულების წაშლა დაიწყო

ალექსეი ნავალნი

YouTube-მა ალექსეი ნავალნის პროექტის "ჭკვიანი კენჭისყრა" საიტის ბმულების სპამად მონიშვნა და წაშლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი ილია იაშინი, გამოცემა SOTA და ნოვაია გაზეტა ავრცელებენ.

ილია იაშინის თანახმად, იმის გამო, რომ ვიდეოს აღწერაში "ჭკვიანი ხმის" მიცემის საიტის ბმული ჰქონდა ჩაწერილი, YouTube-მა ის გააფრთხილა და შესაძლო ბლოკირების შესახებ აცნობა. გამოცემა SOTA-ს კი პირდაპირი ეთერის ჩაწერის ფუნქციაზე წვდომა შეუზღუდეს. გარდა ამისა ნოვაია გაზეტას არხს YouTube-მა საიტზე პირდაპირ ეთერში გასვლის და ვიდეოს განთავსების ფუნქცია შეუზღუდა. ეს ნოვაია გაზეტას და OVD-Info-ს ერთობლივი გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. გადაცემა მხარს უჭერდა ნავალნის და იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც იანვრის საპროტესტო აქციების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

გამოცემა SOTA-მ მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც ნავალნის საიტის ბმული არღვევს YouTube-ის წესებს "სპამის, ტყუილისა და თაღლითობის" შესახებ. პოლიტიკოსი ილია იაშინი და გამოცემა SOTA წერენ, რომ საიტის ბმულს YouTube-ი, რუსეთის მედიის მონიტორინგის სამსახურის, როსკომნადზორის ჩივილის საფუძველზე შლის. გადაცემა OVD-Info-ს არხზე გავიდა.

"ჭკვიანი კენჭისყრა" ალექსეი ნავალნის შტაბის მიერ შემუშავებული ხმის მიცემის სტრატეგიაა. ეს სტრატეგია სთავაზობს ყველას, ვისაც არ უნდა, მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთს მხარი დაუჭიროს, ხმა მისცეს ყველაზე ძლიერ კანდიდატს სხვა პარტიიდან. ასეთ კანდიდატს ნავალნის შტაბი ადგენს. როგორც წესი, ეს იმ პარტიის წარმომადგენელია, რომლის კანდიდატმაც წინა არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა ამა თუ იმ ოლქში.

პროექტი "ჭკვიანი კენჭისყრა" 2018 წელს დაიწყო. მალევე როსკომნადზორმა პროექტის საიტი პერსონალური ინფორმაციის შესახებ უფლებების დამრღვევთა რეესტრში დაამატა და რუსეთის ფედერაციაში მისი დაბლოკვა დაიწყო.

კომენტარები