ვაქცინაცია

ფინანსთა მინისტრი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.

"ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომლითაც აცრილია ათობით მილიონი ადამიანი, არის კარგი". არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა დასახელების და წარმოშობის არის ვაქცინა, თუ პირველ პუნქტს აკმაყოფილებს.

დღეს ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება რომ გადარჩეს ათასობით ადამიანი და გადარჩეს ეკონომიკა (ზოგ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა). უნდა ავიცრათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს გარშემო მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისათვის.

(პ.ს. 10 და 20 დოლარიანი ვაქცინებით, ნურავის ექნება იმის იმედი რომ 5G-ს დაიჭერს, 5G ბევრად ძვირი სიამოვნებაა)". – წერს ლაშა ხუციშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.  

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები