აშშ-უკრაინა

ბლინკენი: მოსკოვი წნეხის ქვეშ უნდა მოვაქციოთ, რათა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები

ენტონი ბლინკენი
NYT

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თანახმად, საჭიროა, რუსეთი ანგარიშვალდებული იყოს თავის ქმედებებზე და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიძულოს რუსეთი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი Twitter-ზე წერს.

"ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაკრიტიკოთ რუსეთის ქცევა, დავაკისროთ რუსეთს პასუხისმგებლობა საკუთარ მოქმედებებზე და წნეხის ქვეშ მოვაქციოთ მოსკოვი, რათა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები". – წერს ბლინკენი.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, Twitter-ზე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები მინსკის შეთანხმების ფარგლებში, კეთილსინდისიერად იმუშაოს უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტაზე და შეწყვიტოს ყირიმის უკანონო ოკუპაცია.

აღსანიშნავია, რომ დღეს 5 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინას ეწვევა. შეხვედრის მთავარი თემა რუსული აგრესია იქნება. ბლინკენი კიევში ლონდონიდან ჩავა, სადაც ის დიდი შვიდეულის (G7) ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ესწრებოდა.


შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოდან აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო. უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. მანამდე, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1-ელ მაისამდე თავიანთ მუდმივ სამყოფელს დაუბრუნდნენ.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები