აშშ-უკრაინა

ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინას ეწვევა, საუბრის თემა რუსული აგრესია იქნება

ენტონი ბლინკენი
CNN

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში დღეს, 5 მაისს უნდა ჩავიდეს. ვიზიტის მიზანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სოლიდარობის გამოხატვაა.

"ბლინკენის ვიზიტი მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვაა". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა

ამერიკელმა დიპლომატმა, ფილიპ რიკერმა, ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის მონიტორინგს გააგრძელებს.

"ჩვენი ჩართულობით რუსეთის ხელისუფლებას ნათლად დავანახვეთ, რომ მათ თავი უნდა შეიკავონ ქმედებებისგან, რამაც კონფლიქტის ესკალაცია შეიძლება მოახდინოს და შეეშვას აგრესიულ ქმედებებს უკრაინის შიგნით და მის გარშემო". – თქვა ფილიპ რიკერმა

პრაისის თქმით, ბლინკენი შეხვდება ზელენსკის და საუბრის ერთ-ერთი თემა კორუფციასთან  ბრძოლაც იქნება. კორუფციის საკითხი აქტუალური გაჩნდა მას შემდეგ, რაც წინა კვირას უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Naftogaz-ის ხელმძღვანელობა შეიცვალა.

ბლინკენი კიევში ლონდონიდან ჩავა, სადაც ის დიდი შვიდეულის (G7) ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ესწრებოდა.


შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოდან აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო. უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. მანამდე, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1-ელ მაისამდე თავიანთ მუდმივ სამყოფელს დაუბრუნდნენ.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები