დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი თავდამსხმელებზე: ვიღაცამ წინასწარ დაურეკა და უთხრა, მოდიან და დახვდითო

ივერი მელაშვილი
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, რომ დავითგარეჯაში მიდიოდა.

"მე ვერ ვიტყვი, რომ ვინმე მეცნო. ჩემი შეხედვით, ეს იყო მოსახლეობის ნაწილი, გაბრაზებული ხალხი, რომელთაც ვიღაცამ წინასწარ დაურეკა და უთხრა, მოდიან და დახვდითო. სალანძღავი სიტყვები მესროლეს, აღვიქვი, როგორც გაბრაზებული ხალხი.

[...] მათი უმეტესობა ჩვეულებრივი მოსახლეობა იყო, აღელვებული, რომელთაც ვიღაცამ შთააგონა - ეს არის მთავარი დამნაშავე პირი, რომელმაც გარეჯი წაგვართვაო". – ამბობს ივერი მელაშვილი ფორმულასთან საუბარში. 

ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს დღეს, 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-ს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

28 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა -  "მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული". პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს. მელაშვილი და ილიჩოვა კი 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაო 2 საათში სრულად შეგროვდა.

კომენტარები