ვაქცინაცია საქართველოში

ხატია დეკანოიძე 10 მაისს სინოფარმის ვაქცინით აიცრება

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, 10 მაისს ჩინური ვაქცინით, სინოფარმით აიცრება. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"უნდა ავიცრათ! სხვა გამოსავალი ნორმალური ცხოვრების გაგრძელების არ არსებობს. ერთი წლის შემდეგ, პირველად ვნახე ახლო მანძილიდან აცრილი მშობლები და ჩავეხუტე.

ნუ უსმენთ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს, აცრა ერთადერთი გამოსავალია. მე 10 ში ვიცრები და იმედი მაქვს, ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გავუფრთხილდები.

აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა, მარტო ჩვენი არა, სხვისი სიცოცხლის". – წერს დეკანოიძე.

დღეიდან, 4 მაისიდან, 18 წლიდან ადამიანებისთვის სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყო. 

ჩინური წარმოების ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.  

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები