ნიკა მელიას საქმე

ქადაგიშვილი: მელიას უნდოდა შარავანდედის მოხვეჭა, ახლა იძულებულია, დათანხმდეს გირაოს

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ნიკა მელიას პროვოკაცია არ გამოუვიდა და მას კანონდარღვევით სურდა პოპულარობისა და "შარავანდედის" მოხვეჭა. ქადაგიშვილის აზრით, ახლა ენმ-ის თავმჯდომარე იძულებულია, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

"დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, მისი ყველა განცხადება, რომელიც თითქოსდა ემსახურებოდა იმას, რომ ნიკა მელია გამოჩენილიყო, ასე ვთქვათ, თავისუფლებისათვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად, სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი. ამ კანონის დარღვევით უნდა პოპულარობის და გარკვეული შარავანდედის მოხვეჭა და რეალურად აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა – საპატიმროში და ახლა, რა თქმა უნდა, იძულებულია დათანხმდეს გირაოს". – ამბობს ქადაგიშვილი.

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები