სტიქია

კალაძე დატბორვაზე: არასდროს დაგვიტოვებია მოსახლეობა გაჭირვებაში, არც ახლა დავტოვებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გუშინ, 30 აპრილს, უხვმა ნალექმა განსაკუთრებული სირთულე საბურთალოს რაიონს, კერძოდ კი, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შეუქმნა, რადგან  ძლიერი წვიმის დროს წყალმა დიდი ოდენობით ნარჩენი წამოიღო, რამაც სანიაღვრეები გაჭედა.

"მართლაც რთული სიტუაცია იყო, უხვი ნალექი მოვიდა, რომელმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. პირველივე წუთებიდან საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლები, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე და არც ერთი მათგანი არ რჩება რეაგირების გარეშე. ახლაც მიმდინარეობს შეხვედრები, ადგილზე გასვლები.

მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რადგან ისინი პირველივე წუთებიდან ჩართულები იყვნენ და ეხმარებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. პრობლემები შეექმნა ამ ტერიტორიაზე არსებულ სანიაღვრე სისტემას, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ძალიან ბევრი ნაგავი, პარკები, ქვა-ღორღი და ამან სანიაღვრე სისტემაში წყლის გატარება შეაფერხა“. - ამბობს კახა კალაძე

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა.

"ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია ქალაქის მოსახლეობა პრობლემების პირისპირ გაჭირვების დროს და არც ახლა ვაპირებთ ამის გაკეთებას. გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა და ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ გუშინდელი უხვი ნალექით გამოწვეულმა სირთულემ თქვენს მხრებზე არ გადაიაროს. სახელმწიფო და მთავრობა არსებობს იმისთვის, რომ ყველანაირად გვერდით დაგიდგეთ და ხელი შეგიწყოთ". - ამბობს კახა კალაძე

უხვი ნალექის გამო დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში გუშინ, 30 აპრილის ღამით, მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე 20-მდე ჯგუფი მუშაობდა. ამ ეტაპზე მუშაობს 10 სამაშველო ჯგუფი. 112-ზე 100-მდე ზარი შევიდა დახმარების თხოვნით.

კომენტარები