კორონავირუსი საქართველოში

ვისზე არ ვრცელდება უქმე დღეები – ყველა სფეროს ჩამონათვალი

საქართველოს მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, სავალდებულო დასვენების დღეებს კიდევ რამდენიმე სფერო დაემატა. 

პირველი დადგენილების მიხედვით, უქმე დღეები არ ვრცელდებოდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და არც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

შემდგომი დადგენილებების თანახმად, სავალდებულო დასვენების დღეები არ შეეხება შემდეგ 21 სფეროს:

  1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

  2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

  3. ფარმაცევტული საქმიანობა.

  4. 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები.

  5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.

  6. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები.

  7. სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა.

  8. სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.

  9. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

  10. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

  11. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.

  12. სამაშველო საქმიანობა.

  13. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

  14. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).

  15. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

  16. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

  17. ნარჩენების მართვა.

  18. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობა.

  19. სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატების წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.

  20. სასოფლო-სამეურნეო სერვისების მიწოდება.

  21. სადაზღვევო საქმიანობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-დან 11 მაისამდე უქმე დღეები ცხადდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ "საყურადღებოა შემთხვევების მატების დინამიკა" და პროცესი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს, როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან. 

კომენტარები