კორონავირუსი საქართველოში

ვისზე არ ვრცელდება უქმე დღეები – მთავრობის დადგენილება

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელშიც გაწერილია, თუ რომელ სექტორებს არ შეეხება უქმე დღეები.

დადგენილება არ გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. გარდა ამისა, საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტებიდან, ვისზე არ გავრცელდება მთავრობის 16 აპრილის დადგენილება.

უქმე დღეები არც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გავრცელდება.

"უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. 

საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16  აპრილის №175 დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

"უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება არ ვრცელდება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა.თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე", - წერია დადგენილებაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 4-დან 11 მაისამდე უქმე დღეები ცხადდება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ცნობით, უქმე დღეები ტრანსპორტს არ შეეხება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ "საყურადღებოა შემთხვევების მატების დინამიკა" და პროცესი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს, როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან. 

კომენტარები