ტექნოლოგიური გიგანტები

Apple-ის iOS-ის განახლებას Facebook-ი ახალი და ამბიციური გეგმით პასუხობს

მარკ ცუკერბერგი

კომპანია Facebook-ი უდიდესი გამოწვევის წინაშეა. 26 აპრილს Apple-ის მიერ გაშვებული iOS-ის განახლებით, სავარაუდოდ, სოციალური მედიის სამომავლო ბიზნესსტრატეგია სამუდამოდ შეიცვალა. 

iOS 14.5-ის განახლებით Apple-ის მომხმარებლებს მიეცათ ახალი ფუნქციის გამოყენების საშუალება, რომელიც აპლიკაციებს თვალთვალისა და პირადი ინფორმაციის შეგროვების უფლებას უზღუდავს.

Facebook-ისა და მისი შვილობილი პლატფორმის, Instagram-ის ძირითადი შემოსავლის წყარო პერსონალიზებული რეკლამებია. 

სისტემა, ნებართვისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, აკვირდება მომხმარებლის ქცევას, მის გემოვნებას, ძებნის ისტორიას და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომპანია ამზადებს პერსონალიზებულ რეკლამას, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის ინტერესებს.    

Apple-ი კი მომხმარებლებს ახლა უკვე არჩევანს სთავაზობს: მიეცეს თუ არა აპლიკაციას თვალთვალის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ის აირჩევს არას ფუნქციას, მაშინ სოციალური პლატფორმა იმ ღირებული ინფორმაციის გარეშე დარჩება, რომლის გარეშეც პერსონალიზებული რეკლამის მომზადება შეუძლებელია. 

ექსპერტების ვარაუდით, მსგავსი ფუნქცია Android-ზეც გახდება ხელმისაწვდომი, რადგან მომხმარებლების მხრიდან ინიციატივას პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. 

Facebook-ის წარმომადგენლები, მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა და საჯარო თუ სასამართლო პროტესტისა, აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ სოციალური პლატფორმების ტრადიციული ბიზნესმოდელი, რომელიც რეკლამების გაყიდვას გულისხმობს, ვეღარ იქნება ისეთი მომგებიანი, როგორც ადრე იყო.  

iOS-ის განახლებიდან ორ დღეში Facebook-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა სპეციალური შეხვედრა გამართა, სადაც კომპანიის სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. 

ზაკერბერგის თქმით, Facebook-ის ახალი ბიზნესმოდელი, ძირითადად, ინტერნეტკომერციაზეა ორიენტირებული და სავაჭრო პლატფორმების გაფართოებას გულისხმობს. 

Facebook Shops-სა და Instagram Shops-ს ყოველთვიურად მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ და უახლოეს მომავალში კომპანია ამ რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდას შეეცდება. 

კომპანიის სამომავლო სტრატეგია შემდეგია: მომხმარებელმა შთაგონება, ინფორმაცია და სასურველ პროდუქტთან წვდომა პირდაპირ Facebook-ის საშუალებით უნდა მიიღოს.  

ექსპერტების თქმით, ამ მიზნის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, Facebook-ი კონკურენციას გაუწევს Amazon-სა და Shopify-ს. 

გარდა ონლაინ მარკეტის გაფართოებისა, Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის, Diem-ის შექმნაზეც მუშაობს, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოს გაუშვებენ.
 
სავარაუდოდ, კომპანია ერთიანი ინფორმაციული და სავაჭრო სივრცის შექმნას ცდილობს, სადაც გამოყენებული ვალუტაც კი, არა რომელიმე სახელმწიფოს არამედ Facebook-ის მიერ იქნება გამოშვებული, რაც, გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, კომპანიას ზრდისა და განვითარების ჯერ არნახულ შესაძლებლობებს მისცემს.  
 

კომენტარები