პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე ლანდსბერგისთან შეხვედრაზე: შესაძლოა, მონიტორინგი გაუწიონ, რომ დოკუმენტი შესრულდეს

"იყო საუბარი, რომ ისინი დააკვირდებიან პროცესს, მონიტორინგს გაუწევენ, რომ ეს დოკუმენტი შესრულდეს ისე, როგორც ეს არის გაწერილი". – ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან შეხვედრის შემდეგ. 

"რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ერთი ის, რომ ამ დოკუმენტის ტექსტი იყო საუკეთესო ვერსია, რაც შეიძლება დადებულიყო. ეს არის იდეალური ტექსტი, მაგრამ ეს იყო საუკეთესო შეთანხმება, რაზეც შეიძლება მიღწეულიყო თანხმობა სხვადასხვა მხარეების მხრიდან. მეორე ის, რომ ამ ტექსტში არსებული პუნქტების შესრულება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და არ არსებობს არანაირი გეგმა B, რომელიც შეიძლება მხარდაჭერილი იყოს ევროკავშირის მხრიდან.

მესამე ის, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და სრული პასუხისმგებლობის აღება ამ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესრულებაზე, რადგან ეს არის საბოლოო გამოსავალი, საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის. ეს იყო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მოვისმინე. დიდხანს ვსაუბრობდით, როგორც ნახეთ, რამდენიმე საათი". – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაასრულა. ოპოზიციასთან საუბარი თითქმის  სამი საათი გაგრძელდა. 

იქამდე  ლანდსბერგისი ხელისუფლების სამოქალაქო სექტორი წარმომადგენლებს, ქვეყნის პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ვიზიტის დეტალებსა და იმ გზავნილებზე, რომელიც ხელისუფლების მისამართით გააჟღერა, ლანდსბერგისი ხვალ მედიისათვის დაგეგმილ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზეც.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები