ცესკო

ცესკო: ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია მარტში მოხდა, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხორციელებულ რეორგანიზაციაზე და მიმდინარე აქტივობებზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება". - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ცესკო ევროპულ საქართველოს პასუხობს, რომელიც თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვს. 

ევროპული საქართველოს რეგიონული მდივნის, ლაშა დამენიას ინფორმაციით, ცესკო სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავს, რის შემდეგაც კომისიიდან გაათავისუფლებენ პროფესიონალ კადრებს, რომლებიც მათ მომავალი არჩევნების გაყალბებაში ხელს შეუშლით. პოლიტიკოსის შეფასებით, ამ გზით ცესკო სრულად დაექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 

"ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული რეორგანიზაცია, რომელიც კომისიაში არსებული რესურსების უფრო გონივრულ გადანაწილებას გულისხმობს და ორიენტირებულია თანამშრომლების საქმიანობის გაუმჯობესებაზე, შეფასდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ დისკრედიტაციულად და ამ მიმართულებით გაჟღერდა არაერთი სიცრუე: თითქოს სამი დეპარტამენტი გადადის ცესკოს მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში. ორგანიზაციის მიერ დასახელებული სამი დეპარტამენტიდან ერთ-ერთი, მაგალითად, არც კი არსებობს.

მოგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა მარტის თვეში. აღნიშნული რეორგანიზაციით მოხდა ცესკოს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ისე დახარისხება, რითაც კიდევ უფრო ეფექტური გახდა თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა. თუ მომავალში იქნება მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებული, რა თქმა უნდა, ეს იქნება ორიენტირებული ადმინისტრაციის საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციების განსახორციელებლად შეიქმნა, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და მდივნის აპარატის დაქვემდებარებაში გადავიდა სამი ყველაზე დიდი დეპარტამენტი, მათ შორის ერთ-ერთი არარსებული.

დღეს ასევე ითქვა, რომ ცესკო თანამშრომლებს უკრძალავს მედიასთან კომუნიკაციას. ჩვენ კი ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს კანონმდებლობის სრული დაცვით, იმგვარად, რომ ადმინისტრაციაში მიმდინარე ყველა სიახლე იყოს ყოველთვის საჯარო და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ცესკო მოქმედებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან კომუნიკაციის დროს და შესაბამისად მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და პრეს-სპიკერი. შეგიძლიათ იხილოთ შინაგანაწესი, სადაც დაცულია მედიასთან ურთიერთობის ყველა სტანდარტი.

მანიპულირება თემით, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას თანამშრომლები ტოვებენ და ეს რაიმე კონკრეტულზე მიუთითებს - ასევე არის არასწორი და მიმართულია ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, - რაც არაერთხელ ითქვა ჩვენს მიერ. ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია ცესკოს დისკრედიტაციაზე და ხშირად გადაიზრდება ხოლმე ხელმძღვანელი პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში, რაც ასევე ინსტიტუციას აყენებს ზიანს". – აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები