ევროპული საქართველო

"ცესკოში რესტრუქტურიზაცია იგეგმება" – ევროპული საქართველო ჟვანიას გადადგომას მოითხოვს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის რეგიონულმა მდივანმა, ლაშა დამენიამ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ლაშა დამენიას ცნობით, ცესკო სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავს, რის შემდეგაც კომისიიდან გაათავისუფლებენ პროფესიონალ კადრებს, რომლებიც მათ მომავალი არჩევნების გაყალბებაში ხელს შეუშლით. პოლიტიკოსის შეფასებით, ამ გზით ცესკო სრულად დაექვემდებარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც ერთი რეორგანიზაცია უკვე ჩაატარა და პროფესიონალები გაუშვა. ახლა იწყებს მეორე რეორგანიზაციას, რომლის დროსაც დაგეგმილია კონკრეტული ადამიანების გაშვება, რომლებზეც ახდენენ ზეწოლას და სხვადასხვა დეპარტამენტს უთავსებენ დამატებით ფუნქციებს. 

სუს-ის ისედაც დანამატად არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია უფრო ზრდის თავის საცეცებს, რათა მთლიანად სუს-ზე იყოს დამოკიდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები". – ამბობს ლაშა დამენია. 

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის მიერ მომზადებულ შეთანხმების ტექსტზე ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერა ნაჩქარევი იყო. 

"ტექსტში უნდა ყოფილიყო ფაქტობრივად გაწერილი დეტალები, რათა არ მიგვეცა საშუალება ქართული ოცნებისთვის, რომ კვლავ გარკვეული მაქინაციებითა და ე.წ ფოკუზებით მოეხერხებინათ სტრუქტურის ისე დალაგება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამარ ჟვანია შეიცვლება და ვინმე სხვა მოვა მის ნაცვლად, სუს-ი იყოს ფაქტობრივად პასუხისმგებელი არჩევნებზე და როგორც წინა არჩევნები, მომდევნო არჩევნების ტოტალურად გაყალბებისთვის ემზადებიან". – თქვა ლაშა დამენიამ. 

ევროპული საქართველო მოუწოდებს ცესკოს, "შეეშვას მაქინაციებს" და გააკეთოს ის, რაც შეთანხმებაშია გაწერილი. 

კომენტარები