პოლიტიკური კრიზისი

ნაცვლიშვილი ამნისტიაზე: დავივიწყოთ და ვაპატიოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვის რას ვპატიობთ

ანა ნაცვლიშვილი
ლელო

პარტია ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ, შესაძლოა, 20 ივნისის  ამნისტიით სამართალდამცავებს  დანაშაული ვაპატიოთ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ვპატიობთ მათ, ამისათვის ლელომ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წამოაყენა.

"ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ტყუილში, სიბნელეში, ხელისცეცებაში და სპეკულაციებით სიარული უნდა დასრულდეს, ამის ყველაზე სწორი და ერთადერთი ინსტრუმენტი არის  საგამოძიებო კომისია. არის ასევე გამოთქმა ტრადიციულ საზოგადოებაში, სადაც ასეთ რთულ მოვლენას გადის ქვეყანა და მერე ხდება ამნისტია ან მსგავსი მექანიზმები ფართომასშტაბიანი, რაზეც ოცნება საუბრობს. დავივიწყოთ და ვაპატიოთ, რაც ჩაიდინეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვის ვაპატიოთ და რას ვპატიობთ. იცოდე სიმართლე, ეს არის დაზარალებულის უფლება". –ამბობს ანა ნაცვლიშვილი

პარტიის ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნას. მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ვინ გასცა ბრძანება.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

 

კომენტარები