რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტიც შემცირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25% იქნება. აქამდე, ბოლო 3 თვის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი 10.5% იყო.

საქართველოს ეორვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ისინი ფრთხილი ბიჯებით აგრძელებენ.

"პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის.  საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ჯერ კიდევ საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია და ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. გარდა ამისა, შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები კვლავ გასათვალისწინებელია. ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ამ ტენდენციის ხანგრძლივად შენარჩუნება წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება. ამ რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.". - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 13 სექტემბერს ჩატარდება.

 

კომენტარები