ვაქცინაცია

ღარიბაშვილი: Pfizer-თან ვისაუბრეთ, მჯერა, დამატებით დოზებს რაც შეიძლება მალე მივიღებთ

ვაგრძელებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაქცინების მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.

Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლასთან სატელეფონო საუბრისას Pfizer-ის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განვიხილეთ.

ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე - ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს.

ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და ამისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების დროულად მობილიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

მადლობას ვუხდი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლობისთვის და მჯერა, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყანა Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს.

წერს Facebook-ზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები