მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბაქრაძის თქმით, პარლამენტში მას შემდეგ მივა, რაც ყველა პრობლემატური საკითხი გადაწყდება

ევროპული საქართველოს ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, რომელმაც ყოფილი პარტიისგან განსხვავებით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ შევა, რაც "კონკრეტული შედეგები დადგება". 

დავით ბაქრაძე დღეს, 27 აპრილს გამართულ სხდომას არ დაესწრო. მის ამ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

"საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლებისა და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოებისა და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ". – ამბობს დავით ბაქრაძე. 

ამავდროულად, პოლიტიკოსი მხარდაჭერას უცხადებს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც დღეს პირველად მიიღეს მონაწილეობა მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომაში. 

"მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მათ მსგავსად, ვრჩები ერთგული პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების, მზად ვარ, სრულად ჩავერთო იმპლემენტაციაში და იმედი მაქვს, პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლება შექმნის პირობებს მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის ხელმოწერისთვისაც, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნებისთვის, ქართული ოცნების მშვიდობიანად დამარცხებისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის". – თქვა დავით ბაქრაძემ. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, დღეს, 27 აპრილს პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები