პოლიტიკური კრიზისი

მელია: თუ ოცნება გაჯიუტდა, ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა ამნისტიის კენჭისყრაში

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავარისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ "20 ივნისის გადაფურცვლა არავის გამოუვა" და ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, მოუწოდებს, რომ, თუ ქართული ოცნება "გაჯიუტდება" და ამნისტიის კანონპროექტში დამნაშავეებს ჩაწერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღონ.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება, პრინციპების დონეზეც კი, პირველსავე დღეს ჩაწერს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს მოძალადეებზეც, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს, პირველ რიგში, ხელმომწერებს. ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილი, ამას ქართული ოცნება მაინც გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. აგერ ლაპარაკობს ბატონი კობახიძე, თალაკვაძე, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც საქმე არის აღძრული და ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც პოტენციურად შეიძლება, საქმე აღიძრას.  

20 ივნისის გადაფურცვლა არავის არ გამოუვა. მე მგონია, რომ ქართული ოპოზიცია, ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩემ მეგობრებს, კოლეგებს, რომლებმაც ხელი მოწერეს ამ დოკუმენტს, მე მათ არ განვიკითხავ, გამორიცხულია და არც ვაკრიტიკებ, ნურავინ მიიღებს ამას კრიტიკად. თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ მცდელობა არის უშედეგო და ქართული ოცნება მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში მე მათ მივმართავ, არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში". - ამბობს ნიკა მელია მთავართან. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება და შალვა პაპუაშვილის თქმით,  2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს შეეხება.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით კი "ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც კონკრეტულად ვიცით მუხლი, რა მუხლით არის სისხლის სამართლის პასუხისგება. იმ ადამიანებს, ვინც არ არის დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, არ შეეხება. შესაბამისად, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული ბევრი ადამიანით, არავის არ და ვერ შეეხება ეს კანონი, ამაზეც შევთანხმდით დღევანდელ დღეს".

მეორეს მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას სურს, ამნისტიამ დაფაროს დამატებით სამი სამართალდამცავი და ამის შესახებ მედიატორებმაც იციან. 

კომენტარები