ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე Sinopharm-ზე: აი, 27-ში გავხსნით რეგისტრაციას და ვნახოთ, როგორი უნდობლობა იქნება

"რატოა უნდობლობა?" - იკითხა დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ჩინური ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში უნდობლობაა.

"აი, ვნახოთ, 27 აპრილს გავხსნით რეგისტრაციას [სინოფარმის ვაქცინაზე] და ვნახოთ, რაზე როგორი უნდობილობა იქნება, ვნახოთ, დავაკვირდეთ.

განსხვავება არის, მსოფლიოში გამოიყენება რვა ვაქცინა, აცრილია 950 მილიონი ადამიანი, პირდაპირ რიცხვებს გეტყვით, დაახლოებით 200 მილიონამდე აცრილია ფაიზერით, 120 მლნ მოდერნათი, 220-230 მილიონი ასტრაზენეკათი, 220-230 მილიონი სინოფარმით და სინოვაკით, სადღაც 30-40 მლნ სპუტკნიკით, 15-20 მილიონი ინდური ვაქცინა კოვაქსინით და 6-7 მილიონი ჯონსონ&ჯონსონით, ამდენად, უნდობლობას ასე ნუ ვიტყვით" - ამბობს გამყრელიძე.

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, Sinopharm-ის ავტორიზაციის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ, ხოლო Sinovac-ის ვაქცინის ავტორიზაციას 3 მაისს. გადაწყვეტილებას განხილვიდან რამდენიმე დღეში მიიღებენ. 


საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრები 15 მარტიდან მიმდინარეობს. Pfizer-ის 29 500 დოზით ვაქცინაცია კი, მარტის ბოლოს დაიწყო. ამჟამად, ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, ორგანოგადანერგილ პაციენტებს, დიალიზზე მყოფ პირებს და 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. ასევე, შექმნილია სათადარიგო სია, რომელშიც პოლიციელები და ჯარისკაცები შედიან.

19 აპრილს საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა გაიხსნა. ამ დროისთვის დარეგისტრირდა 53 996 ადამიანი. პირადი მონაცემების შევსების პარალელურად, მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს მაქსიმუმ სამი ვაქცინა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს. აქედან უმრავლესობამ (51 700) Pfizer-ი აირჩია. სამი სასურველი ვაქცინიდან ერთერთად ჩინური სინოფარმი მხოლოდ 2 827-მა ადამიანმა მონიშნა, ხოლო სინოვაკი - 647-მა.

"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას". – წერია რეგისტრაციის პორტალზე.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 560-მა პირმა გაიკეთა. 23 აპრილის დილის მონაცემებით, სულ აცრილია 34 897 ადამიანი. 

კომენტარები