ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე სტეფანე ეპარქიაში მორიგი დაპირისპირების მონაწილე 3 სასულიერო პირის განკვეთას აპირებს

მიტროპოლიტი სტეფანე
ერთსულოვნება

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს თქმით, ის აპირებს ეკლესიიდან განკვეთოს ის 3 სასულიერო პირი, რომლებიც 22 აპრილს, სალხინოს ტაძარში დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, თუ ისინი მის წინაშე არ მოინანიებენ. უთხრა მიტროპოლიტმა სტეფანემ ერთსულოვნებას ინტერვიუში. 

"რადგან საჭირო გახდა, რომ უფრო მტკიცე ზომები მივიღო, სხვა გზა არ დამრჩენია, დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ: თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი და დაიყვანება მონაზვნობამდე, თუ არ მოინანიებს. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს ასევე განვკვეთავ, თუ არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ ისიც არ შეწყვეტს, მივიღებ ზომებს".- თქვა მიტროპოლიტმა და მღვდელი გოჩა ლიპარტელიანი სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მივლენილ სასულიერო პირებს მსახურების საშუალება არ მისცეს. 

სიტუაციის განსამუხტად ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფიზიკური დაპირისპირება ამბიონიდან ეზოში გაგრძელდა, სადაც სასულიერო პირებს მრევლი დაუპირისპირდა. სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ იქ მყოფი ხალხი ტაძრის მრევლი არ არის და ადგილზე დავალებით იყვნენ მისულები. 


ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები