რუსეთი

ნავალნის მხარდამჭერი აქციის წინ მისი თანამოაზრეები დააკავეს

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მხარდასაჭერად რუსეთში დაგეგმილი მასშტაბური პროტესტის დაწყებამდე ნავალნის ორი ახლო თანამოაზრე, მისი სპიკერი კირა იარმიში და ოპოზიციონერი, ლიუბოვ სობოლი დააკავეს.

სობოლის ადვოკატის თქმით, პოლიციელებმა ის ტაქსიდან გადმოიყვანეს და დააკავეს. 

"უცნობია, სად მიჰყავთ". - თქვა სობოლის ადვოკატმა, ვლადიმირ ვორონინმა

მოგვიანებით, მისი ადვოკატის თქმით, პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც საყიდლებზე მიდიოდა. სობოლი ამჟამად შინა პატიმრობაშია, თუმცა დღეში ერთი საათით სახლის დატოვება შეუძლია. სხვა დეტალი ამ დროისთვის უცნობია. 

სობოლს ერთი წლით პირობითი სასჯელი გამოსასწორებელი შრომა მიუსაჯეს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცრის კონსტანტინე კუდრიავცევის ბინაში უკანონოდ შესვლის მცდელობის გამო. 

21 დეკემებერს ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მან ფედერალური უშიშროების სააგენტოს თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს დაურეკა, თავი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანაშემწედ გააცნო და საკუთარ მოწამვლაზე კითხვები დაუსვა, რა დროსაც კუდრიავცევმა მის მოწამვლის დეპალები მოჰყვა. 

სობოლი ამ ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მივიდა მის ბინასთან, რათა კითხვები დაესვა მისთვის. სობოლის ბრალდებებს უარყოფს. 

გასულ თვეს სობოლმა თქვა, რომ ის სექტემბერში დუმის არჩევნებში მონაწილობას გეგმავდა.

რამდენიმე დღის წინ ალექსეი ნავალნი პოკროვის № 2 კოლონიიდან ვლადიმირს № 3 კოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის ადვოკატის, ვადიმ კობზევის თანახმად, პოლიტიკოსი კოლონიის ტუბერკულოზის საავადმყოფოს ერთკაციან განყოფილებაში იმყოფება და მისი ერთადერთი მკურნალობა გლუკოზის წვეთოვანია.

მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ექიმების თანახმად პლიტიკოსს სისხლში კალიუმის საგანგაშოდ მაღალი დონე აქვს, რამაც შეიძლება გულის პრობლემები და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს.

მარტში პორკოვის კოლონიაში გადაყვანის შემდეგ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას ზურგის ძლიერი ტკივილი აწუხებდა და კიდურები უბუჟდებოდა, ნავალნის ხერხემლის თიაქარი აქვს. 31 მარტს პოლიტიკოსმა შიმშილობა დაიწყო. მისი მოთხოვნაა, დაუშვან მასთან დამოუკიდებელი ექიმი, რათა მიიღოს სათანადო მკურნალობა.

ცნობილი ადამიანები, მათ შორის მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, პუტინს დაჟინებით მოუწოდებენ ნავალნიმ სამედიცინო დახმარება მიიღოს.

ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ ნავალნის სათანადო მკურნალობა ჯერ კიდევ არ მიუღია და 21 აპრილს პროტესტს გეგმავენ. 

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჯგუფის, Amnesty International-ის ცნობით, რუსეთის მთავრობა, შესაძლოა, ნელა კლავს ნავალნის. ორგანიზაცია ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ისეთ პირობებშია, რაც წამებას უდრის და ამან, შესაძლოა, მისი ნელა სიკვდილიც გამოიწვიოს.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები