კორონავირუსი და შეზღუდვები

მთავრობა: კერძო და საჯარო სექტორს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გადადით დისტანციურ რეჟიმზე

საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისო კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო და კერძო სექტორს, მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

"მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით კვლავ ნარჩუნდება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00-მდე, ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან მოქმედი შეზღუდვა, რაც გულისხმობს, რომ მუშაობს მხოლოდ გატანის სერვისი.

როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე". – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

უწყებათაშორისი საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე, საზღვარზე შემოსული პირების PCR კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.

"საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები და დამსაქმელთა მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოფილ უნდა იყოს აქტიური ტესტირება. ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.

კიდევ უფრო გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია" - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალ თავშეყრებზე.

კომენტარები