ჩინეთი

ჩინეთში ყოფილი პრემიერის სტატიას ცენზურა დაადეს

ჩინეთში კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენლის, ყოფილი პრემიერის, ვენ ძიაპაოს, სტატიას ცენზურა დაადეს.

ვენ ძიაპაომ სტატია გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა. სტატია ნაკლებად პოპულარულ გაზეთში Macau Herald-ში 16 აპრილს გამოქვეყნდა, შემდეგ კი ჩინურ სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა მასზე მალევე დააწესეს ცენზურა. 

სტატიაში ყოფილი პრემიერი წერს, რომ ჩინეთი სამართლიანი ქვეყანა უნდა იყოს. 

"ჩემი აზრით, ჩინეთი უნდა იყოს სამართლიანი და სამართლით სავსე ქვეყანა, ყოველთვის პატივს უნდა სცემდეს ხალხის, კაცობრიობისა და ადამიანის ბუნების ნებას". – წერს ვენი. ის ჩინეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოს არ განიხილავს, თუმცა, სავარაუდოდ, სტატიას ამ ნაწილის გამო დაადეს ცენზურა.

ვენის სტატიის გაზიარებისას ცნობილი ჩინური სოციალური ქსელის, WeChat-ის მომხმარებლებს მისდით შეტყობინება, რომ სტატიის შინაარსი WeChat-ის წესებს ეწინააღმდეგება და მას ვერ გააზიარებენ. კიდევ ერთ პოპულარულ ჩინურ სოციალურ ქსელში, Weibo-ში, სტატიაზე თავდაპირველად კომენტარების დაწერის და მისი გაზიარების ფუნქცია გათიშეს, 20 აპრილს კი წაშალეს.

ჩინეთი ივლისში ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს. ამგვარი მნიშვნელოვანი თარიღების წინ, კომუნისტურ ქვეყანაში ცენზურა არსებულზე მეტად გამკაცრებულია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვენს ცენზურას ადებენ. 2010 წელს ვენმა ფარედ ზაკარიასთან ინტერვიუში თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება და ჩინელი ხალხის მიერ დემოკრატიის და თავისუფლების ნატვრა შეუცვლელია. ვიდეო სწრაფად გახდა პოპულარული, თუმცა ჩინურ ინტერნეტში მას ცენზურა დაადეს.

ვენი ხუ ძინთაოს ლიდერობის დროს იკავებდა პრემიერმინისტრის თანამდებობას, მას უკავშირდება არაერთი ეკონომიკური რეფორმა. მან თანამდებობა 2013 წელს დატოვა. წარსულში ის კომუნისტური პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის, ჭაო წიიანგის უფროსი დამხმარეც იყო. ჭაომ 1989 წელს მხარი დაუჭირა თიენანმენის პროტესტს, რის შემდეგაც მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები