პოლიტიკური კრიზისი

გრეგოროვა: დაჟინებით ვთხოვ ოპოზიციას, განსაკუთრებით ენმ-ს, იყოს კონსტრუქციული

Pirátské listy

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ეხმაურება. გრეგოროვა მმართველ პარტიას აქებს შეთანხმების ხელმოწერისთვის, ოპოზიციას, განსაკუთრებით კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კონტრუქციულობისკენ მოუწოდებს. 

"მე მიცნობენ ჩემი მკაცრი დამოკიდებულებით საქართველოს მთავრობის მიმართ – რამდენადაც მინდა, რომ საქართველო ახლოს იყოს ევროკავშირთან. მაგრამ ამჯერად უნდა შევაქო ისინი შეთანხმების ხელმოწერის მზაობისთვის და დაჟინებით ვთხოვ ოპოზიციას, განსაკუთრებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, იყოს კონსტრუქციული და დაეხმაროს საქართველოს ნორმალიზებაში". – წერს გრეგოროვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა. "ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელი და ლელო.  ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო ზურა ჯაფარიძემაც. დოკუმენტს ხელს ასევე აწერენ ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრები, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა – მიუღებელი".


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები