პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, არ არის კრიზისის გადაჭრის გზა

ფოტო: ტბელ აბუსერიძე

მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის წარდგენილ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ეხმაურება. ხოშტარია წერს, რომ დოკუმენტი წინასთან შედარებით არსებითად უკეთესია, თუმცა არ არის კრიზისი გადაჭრის გზა. 

"ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა.

შესაბამისად, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კიდევ ბევრია სამუშაოა კრიზისის გადასალახად. პირველ რიგში პოლიტპატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის სამარცხვინო პრაქტიკის დასრულება.

როგორც ბოლო თვეების გამოცდილებამ გვანახა, კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო ჩართულობა". – წერს ხოშტარია. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

ჯერჯერობით, ახალ დოკუმენტს ხელი გირჩის სამმა დეპუტატმა, იაგო ხვიაჩიამ, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და ვახტანგ მეგრელიშვილმა მოაწერა. "ხარვეზების მიუხედავად" დოკუმენტს ხელს აწერს სატრატეგია აღმაშენებელი და ლელო.  ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო ზურა ჯაფარიძემაც. დოკუმენტს ხელს ასევე აწერენ ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრები, შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებული დოკუმენტი, თუმცა, მმართველი პარტია არ დათანხმდება მასში რაიმე შინაარსობრივ დამატებას. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან "პოლიტპატიმრების გათავისუფლების პუნქტი ბუნდოვანია, ხოლო ვადამდელის საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა – მიუღებელი".


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები