პოლიტიკური კრიზისი

პრეზიდენტი: თუ შეთანხმება შედგება და პარტიები ხელს მოაწერენ, გიორგი რურუას შევიწყალებ

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს თუ პარტიები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერენ და პარლამენტში შევლენ. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმითვე, გიორგი რურუას არცერთი ნიშნით მიიჩნევს პოლიტპატიმრად და ის არ ჯდება "შეწყალების რომელიმე კატეგორიაში", თუმცა, მზად არის, "საკუთარ თავს გადააბიჯოს".

"გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებით არაერთხელ, ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვის და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების სქემაზე. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვთვლი საჭიროდ, ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე.

მინდა ყველას შევახსენო ერთი მარტივი წესი - შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებს თუ მოთხოვნებს ოპოზიციისგან თუ მმართველი პარტიისგან ან სხვისგან.

პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, თუმცა, ამ თემით სხვებისგან გაუთავებელი აპელირებისა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს.

მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის  კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმარი, არცერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.

ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ისაა, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპებზე მაღლა დააყენოს ქვეყანა.

ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ ჩემი პირობით - ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას.

ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს". – თქვა ზურაბიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა (ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები), ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ქართული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ პუნქტზე კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებენ, თუ გიორგი რურუას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს. 

"ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს". – ნათქვამია განცხადებაში.


გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია. თუმცა, არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა არცერთხელ არ შეუცვალა გირაოთი. 

მას შემდეგ, რაც სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, განაჩენს გამოეხმაურნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები. სენატორმა რიშმა დაწერა, რომ რჩება "ძალზედ შეშფოთებული" და, მისივე სიტყვებით, რურუა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს. განაჩენს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც. კუბილიუსმა დაწერა, რომ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კი ზურაბიშვილს მოუწოდა, გამოეყენებინა უფლებამოსილება, როგორც სხვა შემთხვევებში. 

თუმცა, დასავლელი პარტნიორებისა და ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად, მაშინ სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუაზე თქვა - "ამ პიროვნებას არ შევიწყალებ."

კომენტარები