ნამახვანჰესი

თურნავა ნამახვანჰესზე: მიწის 99 წლით გადაცემა იყო სატენდერო პირობა, დღეს მოქნილობა ნაკლებია

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანახმად, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, არის ინვესტორისთვის მიწის გადაცემა, რაზეც განმარტებები არაერთხელ გაკეთდა და კიდევ გაკეთდება.

ნათია თურნავამ ექსპერტთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ საქართველოში პრაქტიკულად, ყველა ელექტროსადგური, გარდა ენგურჰესისა არის კერძო.

"ასევე, კიდევ ერთხელ განვმარტავ სარგებლობის კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რომელიც არის 99 წელი - ეს იყო სატენდერო პირობა, როდესაც თავის დროზე, ეს პროექტი გატენდერდა და, რასაკვირველია, იქიდან გამომდინარე, რომ იყო სატენდერო პირობა, მოქნილობა ნაკლები გვაქვს. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ასეთი ძალიან ბევრი პრეცედენტია და ეს არის კანონთან სრულიად შესაბამისი გადაწყვეტილება. მიწით საერთოდ უვადო სარგებლობის პრეცედენტიც არის არა მარტო საქართველოში, სადაც რეალურად, ყველა კერძო პროექტი ასეთია, არამედ ასეა ჰიდროსადგურები მაგალითად, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში" - თქვა მინისტრმა.

ნამახვანჰესის მშენებლობას აქტივისტები რამდენიმე თვეა, აპროტესტებენ და რიონის ხეობაში კარვები აქვთ გაშლილი. პროტესტის ორგანიზატორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, განხილულ საკითხებზე ისაუბრა. გოლეთიანის თანახმად ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება - ეს ის პირობებია, აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ წამოუყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყება.

16 აპრილს საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნება კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კვლევების გადახედვა ივნისამდე დასრულდება.

კომენტარები